ახალი ამბები

სახალხო დამცველი კობა სუბელიანს მიმართავს

24 აპრილი, 2012 •
სახალხო დამცველი კობა სუბელიანს მიმართავს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, კობა სუბელიანს, რეკომენდაციით მიმართავს ნანა და კლარა კვაშილავების მდგომარეობისა და მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

სახალხო დამცველს განცხადებით, მას აფხაზეთიდან დევნილმა ნანა კვაშილავამ მიმართა, რომელიც დედასთან, კლარა კვაშილავასთან ერთად 2010 წლის 10 აგვისტოდან სოფელ ფოცხო-ეწერში ცხოვრობს. მისი თქმით, ფოცხო-ეწერის ნესტიანი კლიმატისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოჯახს არ შეუძლია დევნილთა ახალ ჩასახლებაში ცხოვრება.

“განმცხადებელმა წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია. ცნობაში მითითებულია, რომ სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების თანახმად, თუ ნანა კვაშილავამ საცხოვრებელი პირობები არ შეიცვალა, შედეგი სავალალო იქნება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თხოვნით ნანა და კლარა კვაშილავებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თუმცა სამინისტრომ კვაშილავების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის ხელმეორედ განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ფოცხო–ეწერის ახალი ჩასახლების ცუდი საცხოვრებელი პირობები საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში აისახა. აღნიშნულ ფაქტზე ყურადღება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაამახვილეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ნანა და კლარა კვაშილავების  ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ პირობებში ცხოვრება არ შეესაბამება ადეკვატური საცხოვრებლისთვის დადგენილ სტანდარტებს და ერთობლიობაში მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოს ქმნის. სათანადო საცხოვრებელზე უფლების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევაც, რაც ფუნდამენტური ხასიათისაა და აუცილებელია ადამიანის სხვა უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი