ახალი ამბები

კობახიძე: საკონსტიტუციოს განცხადების თითოეული წინადადება მტკნარი სიცრუეა

29 აგვისტო, 2016 •
კობახიძე: საკონსტიტუციოს განცხადების თითოეული წინადადება მტკნარი სიცრუეა

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 28 აგვისტოს გავრცელებულ საპასუხო განცხადებას [კობახიძის ბრალდება სარჩელების შეცვლაზე მადისკრედიტირებელი და მცდარიაო] “მტკნარი სიცრუე” უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლო პოლიტიკურ გავლენას არის დაქვემდებარებული.

კობახიძისათვის გაუგებარია, რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება პაპუაშვილმა ისე გაავრცელა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებთან არ განუხილავს.

“თითოეული წინადადება, რომელიც ამ განცხადებაშია მოცემული, არის მტკნარი სიცრუე და სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარემ, უფრო სწორად, იმ ადამიანმა, რომელსაც ჰქვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ თქვა უარი თავის პროფესიულ და ადამიანურ ღირსებაზე”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ჯერ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის სარჩელის შინაარსი კანონდარღვევით შეიცვალა და დასძინა, რომ აქ კანონის დარღვევა იმდენად მძიმეა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც შეიძლება საუბარიო. ამის პასუხად საკონსტიტუციო სასამართლომ კვირას, 28 აგვისტოს, კობახიძის მიერ 27 და 28 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებს “ფაქტობრივად მცდარი” და “მადისკრედიტირებელი” უწოდა 

კობახიძემ თავის განცხადებებში ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურად მოტივირებულ, ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა, რაზე პასუხადაც საკონსტიტუციო სასამართლომ მას მოუწოდა, დაესახელებინა დაუსაბუთებელი და ხელისუფლების ინტერესების კარნახით მიღებული გადაწყვეტილებები. “ბ-ნმა კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, კარგად უნდა იცოდეს, რომ 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების ნახევარზე მეტი მიღებულია მოსარჩლეთა სასარგებლოდ (და, შესაბამისად, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ)”, – ასეთი პასუხი გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორ-ნახევარჯერ გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ “ეს ორგანო პირდაპირ არის დაქვემდებარებული პოლიტიკურ გავლენას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი