ახალი ამბები

კობახიძე: გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას ცდილობს

27 აგვისტო, 2016 • 2657
კობახიძე: გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას ცდილობს

“ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც გიორგი პაპუაშვილი მიზანს ვერ მიაღწევენ, თუმცა ეცდებიან, ” – პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პაპუაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე სარჩელის განხილვისას ეცდება მოსამართლეებზე წეზოლის გზით სასურველი განაჩენი გამოიტანოს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ზემოხსენებული სარჩელის შინაარსი შეიცვალა კანონის დარღვევით და გაიზარდა სარჩელის მოთხოვნა. შეცვლილი სარჩელის განხილვა 23 აგვვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პაპუაშვილმა სხდომა გააუქმა. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაეცნენ და მისი განხილვა 1 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა.

“აქ აშკარად იკვეთება კანონის დარღვევის ნიშნები და იმდენად მძიმეა კანონის დარღვევა, რომ თუმდაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც შეიძლება საუბარი. ეს უნდა გახდეს განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებებიც კი უნდა დაინტერესდნენ,” – აცხადებს კობახიძე ტელეკომპანა “იმედის” ეთერში.

პაპუაშვილმა მმართველი პარტიის წევრების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა. პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ და აშინებენ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. პაპუაშვილი ზეწოლას უპრეცედენტოს უწოდებს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, 23 აგვისტოს დანიშნულ პლენუმის საორგანიზაციო სხდომაზე მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი