ობიექტები, რომლებიც აჭარის მთავრობამ ხუთი წლის წინ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად ინვესტორის შემოსვლის მიზნით გაყიდა, არ ამოქმედებულა. შეღავათიან ფასად ქონების გასხვისების პრაქტიკა 2011 წელშიც გრძელდებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებითა თუ ტენდერების მეშვეობით, შარშან აჭარაში შეღავათიან ფასად ან 1 ლარად დაახლოებით 683 770 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე დამაგრებული ქონება გაიყიდა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მათი მიზანი, ამ შემთხვევაში, სამუშაო ადგილების შექმნაა. „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ წლების წინ იმავე მიზნით გაყიდული საწარმოების უმრავლესობაში დღემდე არავინ დაუსაქმებიათ.
ბათუმში, ხახულის ქუჩის 29 ნომერში მდებარე ნაგებობა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ 390 000 ლარად შპს „მატრიქს“ მიყიდა. ამ კომპანიის მფლობელი ოფშორში დარეგისტრირებული ფრაისიან ენჯინერინგია. მატრიქსისთვის ქონების იაფად მიყიდვა ეკონომიკის სამინისტროში თავის დროზე იმით ახსნეს, რომ მას 150 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. ინვესტორს დღემდე არც ერთი სამუშაო ადგილი არ შეუქმნია, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის მიცემული პირობა ვერ შეასრულა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც სახელმწიფოს 50 სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა, შპს „მეგა“ იყო. მას ფართობი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, გადასცეს. კომპანიის წარმომადგენელმა შალვა დავითაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ფირმა გაკოტრებულია და იხურება“, ანუ კომპანიამ ტენდერის პირობა თავიდანვე ვერ შეასრულა. ეკონომიკის სამინისტროსთვის კომპანიაში არსებული მდგომარეობა უცნობია. სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიას დასაქმების ვალდებულება მხოლოდ რამდენიმე წლით ჰქონდა და “ალბათ დღესაც მუშაობენ“.
სახელმწიფომ შპს „მეგას“ ქონება 205 000 ლარად გადასცა.
წლების წინ ეკონომიკის სამინისტროს შეღავათიანი პირობებით ისარგებლა შპს „შამბალა ჩაიმაც“. მას მიწა ერთადერთი პირობით გადასცეს – 644 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. ინვესტორმა ქარხანა მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც აამოქმედა და ისიც მცირე დატვირთვით: „ჩაი არ არის – შემომაქვს სამეგრელოდან, გურიიდან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ხელისუფლებას ვთხოვე, პლანტაციებიც გადმოეცათ, მაგრამ უარი მითხრეს. 150 ჰექტარი იჯარით მქონდა ოჩხამურში აღებული, მაგრამ წამართვეს“.
ქარხნის მეპატრონე შამილ ბულათოვი ამბობს, რომ პირობების მიხედვით, მისთვის ძველი საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს არ უნდა მოეთხოვა: „300 000 ლარი მაინც გადამახდევინეს. გადავიხადე წლების განმავლობაში დაგროვილი გაუცემელი ხელფასებიც, 80 000 ლარი კი ჩაქვში ბუნებრივი აირის გაყვანა დამიჯდა.“
ბიზნესმენი ექსპორტის პრობლემებზეც საუბრობს: „აგურა ჩაის ძირითადი ბაზარი რუსეთი და მონღოლეთია, სხვაგან ამ ნედლეულს არ მოიხმარენ. შუა აზიის ქვეყნებში რუსეთის გვერდის ავლით ვერ შევდივართ, რუსეთს კი საზღვარი ჩაკეტილი აქვს, ძალიან ვწვალობთ გატანაზე. მხოლოდ რამდენიმე ვაგონი გავიტანეთ“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ კიდევ 2010 წელს ირწმუნებოდნენ, რომ შპს „შამბალა ჩაი“-მ 644 ადამიანი დაასაქმა. იმ დროისთვის, ანუ 2010 წლის მონაცემებით, ქარხანა საგადასახადო დავალიანების გამო იყო გაჩერებული.
აჭარის მთავრობამ „ეფექტური პრივატიზების მიზნით“ 2008 წელს ჩაქვის ჩაის ფაბრიკაც გაყიდა. მისი მფლობელი თურქი ინვესტორი გურშით ზია ქოსეა, რომელსაც ფაბრიკაში მინიმუმ 52 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. ფაბრიკა გაყიდვის დღიდან დღემდე არ ამოქმედებულა. „ივნისის ბოლოს ვაპირებთ საცდელი პროდუქციის გამოშვებას. მერე ვნახოთ, თუ გაამართლებს…“_ ამბობს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი, ალეკო გაბაიძე.
50 ადამიანის დასაქმების ვალდებულება ჰქონდა აღებული შპს „ქართულ მანდარინსაც“, რომელსაც ასევე შეღავათიანი პირობით მისცა ქონება აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ხუთი წლის წინ. მთელი ამ ხნის განმავლობაში საწარმოს, ერთი გამონაკლისის გარდა, არ უმუშავია. გამონაკლისი მაშინ იყო, როდესაც ამერიკულმა ორგანიზაციამ – UშAID-მა შპს-ს გრანტი მისცა. მანამდე და მას შემდეგაც „ქართულ მანდარინში“ ერთადერთი ადამიანი – დარაჯი მუშაობს.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ეკონომიკის სამინისტრომ ხელმეორედ გაყიდა ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი, რომელიც ხუთი წლის წინ შპს “ქართუტექსს” გადასცა ასევე შეღავათიან ფასად და ასევე ერთი პირობით – ინვესტორს 359 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანია გაყიდვიდან დღემდე უფუნქციოა. „ამას პატრონი ჰყავდა თუ?“ -გაკვირვებული კითხულობენ გაყიდული ტერიტორიის გვერდით მცხოვრები ადამიანები. „საწარმოში მე 32 წელი ვიმუშავე, ჩემი ხელით მაქვს აშენებული ეს ნაგებობები. ამ ხელისუფლების მოსვლამდე ასლან აბაშიძემ წაგვართვა, შემდეგ სერგო ბერიძეს ჰქონდა იჯარით აღებული, მაშინდელი ერთი წლის ნამუშევარი ჩემს შვილს დღემდე ასაღები აქვს. შემდეგ ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილმა იყიდა, მაგრამ მომსვლელი არავინ გვინახავს“, _ ამბობს ენვერ ზოიძე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტერიტორია „ქართუტექსს” პირობების შეუსრულებლობის გამო ჩამოართვეს და ხელმეორედ გაყიდეს. ყოფილი ინვესტორი თურქეთის მოქალაქე, ჰუსეინ ბურაქ ქარაჯა იყო. ახალი მფლობელი კი შპს „ალოღლუ-გეორგიაა“.
ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზების განყოფილების უფროსის იამზე ზაქარაძის განცხადებით, ინვესტორმა ამ ტერიტორიაზე ავეჯის ქარხანა უნდა ააშენოს და, სულ ცოტა, 100 ადამიანი დაასაქმოს. ინვესტორს 15 693 კვ/მეტრი მიწის ფართობი 233 000 ლარად მიჰყიდეს. ხელშეკრულება სამინისტროსა და ინვესტორს შორის გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. პირობის შესასრულებლად ინვესტორს მხოლოდ ოთხი თვე აქვს დარჩენილი, თუმცა ახალი მეპატრონეები მეცხოველეობის ყოფილ კომპლექსში ჯერ არ გამოჩენილან.
შეღავათიან ფასად, 100 000 ლარად გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ ხიმშიაშვილის ქუჩის 86 ნომერში არსებული ორსართულიანი ობიექტი. ინვესტორს 20 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, თუმცა მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო სამუშაო ადგილები არ შექმნილა. ახლა ობიექტის მესაკუთრედ ინვესტორის ქვრივი როზა ფუტკარაძე მიიჩნევა. ობიექტზე მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. „მე როგორც ვიცი, 12 კაცის დასაქმება იყო პირობაში ჩადებული და ეგ 12 კაცი იმ პერიოდში ამუშავა. ახლა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება არ აქვს, ობიექტი მისი საკუთრებაა და აქ სახლის აშენებას აპირებს“, -ამბობს როზა ფუტკარაძის მაზლი გურამ გოგიტიძე.
რამდენი ადამიანი დასაქმდა ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად? -ამ კითხვაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ზუსტი მონაცემები არ აქვს. ოფიციალურ ვებგვერდზე კი მხოლოდ 2009 წლის მონაცემებია განთავსებული, რომლის მიხედვით აჭარაში 50,4 პროცენტი დასაქმებულია, უმუშევრობის დონე კი მხოლოდ 22 პროცენტია. ეს მონაცემები ეკონომიკის სამინისტროს იმ ინვესტიციების ანალიზზე დაყრდნობით აქვს მომზადებული, რომელიც, ძირითადად, 2008-2009 წლებში განხორციელდა. მაშინ სამინისტრო ოფიციალურ მონაცემებში მიუთითებდა, რომ ინვესტიციების შედეგად 4698 ადამიანი დაასაქმა, თუმცა „ბათუმელების“ გამოძიებით 2010 წელს დადგინდა, რომ გასხვისებულ ობიექტებზე არა 4 000, არამედ 2040 ადამიანი იყო დასაქმებული და ისიც მხოლოდ სამკერვალო ფაბრიკებში.