ახალი ამბები

TI “საპარტნიორო ფონდს” მოუწოდებს, არ ითანამშრომლოს ოფშორულ კომპანიებთან

25 აგვისტო, 2016 • 1940
TI “საპარტნიორო ფონდს” მოუწოდებს, არ ითანამშრომლოს ოფშორულ კომპანიებთან

“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მიიჩნევენ, რომ სახელწმიფო საინვესტიციო ფონდის, “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა მეტ გამჭვირვალეობას საჭიროებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ფონდის ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ, რაც ამ დროისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

ასევე, მოკვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებთანაც ფონდი თანამშრომლობს, ხშირად ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, რის გამოც მათი მფლობელების ვინაობის დადგენა შეუძლებელია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ფონდის საქმიანობის გამჭვირვალეობისათვის თვალის მიდევნებას ართულებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფონდის საქმიანობა 2014 წლის შემდეგ უკვე მეორედ გამოიკვლია და კვლევის შედეგები მედიას დღეს, 25 აგვისტოს წარუდგინა. ორგანიზაციამ ფონდისათვის რეკომენდაციები შეიმუშავა:

  • აუცილებელია, „საპარტნიორო ფონდის’’ ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პროექტის დაწყების და დასრულების თარიღსა და ფონდის პროექტში საინვესტიციო მოცულობასაც;
  • უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
  • აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი (ღია და ინკლუზიური) ტენდერის გზით ხდებოდეს.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი, ნუცა თოხაძე აცხადებს, ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს გამჭვირვალობის კრიტერიუმებს, გარდა ბოლო სამი პროექტისა: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency-ის, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობები და კომპანია სს “ჰუმანითი ჯორჯიასთან” დაწყებული თამამშროლობა.

IT-ში აცხადებენ, რომ თანაინვესტორი კომპანია შპს “როიალ დეველოპმენტის”, “მერიდოუ დეველოპმენტ ჰოლდინისა” და “ჰუმანითი ჯორჯიას” შემთხვევაში იკვეთება კავშირი საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან და ექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. ფონდთან ერთად დაწყებული მათი საქმიანობა კი ბუნდოვანია. თოხაძის თქმით, კვლევის საწყის ეტაპზე თანაინვესტორ კომპანიებთან ფარცხალაძის კავშირი დასტურდებოდა, თუმცა მოკვლევის დაწყების შემდეგ ოფიციალური წყაროებიდან გაქრა. კომპანია პროექტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაარსდა, რაც თოხაძის განცხადებით, აჩენს ვარაუდს, რომ კომპანია ამ პროექტისათვის სპეციალურად შეიქმნა.

“ერთ-ერთი თანაინვესტორი კომპანიის დამფუძნებელი იყო ოთარ ფარცხალაძე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის გამოძიება და მას შემდეგ, რაც მივმართეთ “საპარტნიორო ფონდს” ამ საკითხზე, 3 დღეში დაიწყო ცვლილებები კომპანიაში და არსად აღარ ფიქსირდება ფარცხალაძე. ვთვლით, რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. ასევე საყურადღებოდა, რომ კომპანია პროექტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტირდა, რაც ასევე აჩენს ეჭვს,” – აცხადებს ნუცა თოხაძე.

ნუცა თოხაძის თქმით, პირად საუბრებში “საპარტნიორო ფონდში” ასევე ადასტურებენ, რომ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2012-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი მუშაობდა, თუმცა ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება და არც შესაბამისი დოკუმენტაცია მოიპოვება.

იმ პროექტებში, სადაც ფონდი მონიტორია, შემსრულებელი კომპანიების შერჩევა, ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება.

“ეს აჩენს რისკებს, რომ შერჩევა მოხდეს არა იმ მხრივ, რამდენად შეძლებს კომპანია დავალების შესრულებას, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემული სტანდარტი არ არის პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი და “საპარტნიორო ფონდის” მიერ სახელმწიფო თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის საფრთხეს ზრდის” – აცხადებს თოხაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი