საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასჯელის მოხდის გადავადება–გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოსა და კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც საიას თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საკითხზე ყურადღების გამახვილება ორი ბენეფიციარის თითქმის ერთდროულად გარდაცვალებამ გამოიწვია. ორივე მათგანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.
2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებული ალექსანდრე აკაკის ძე დადიანი სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. სამედიცინო ისტორიის თანახმად, ის მძიმედ იყო დაავადებული.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელის გადავადების საკითხს სასამართლო, ხოლო გათავისუფლების საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია განიხილავს.
ალექსანდრე დადიანმა სასამართლოს მიმართა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 28 თებერვალს განჩინების “უსაფუძვლობის გამო” ა. დადიანის შუამდგომლობა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 15 მარტს გამოიტანა, პატიმარს კვლავ უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე, თუმცა ამ პერიოდში ა. დადიანი უკვე 8 დღის გარდაცვლილი იყო.
“ეს გადაწყვეტილება თვალსაჩინოს ხდის იმას, თუ რამდენად არაეფექტურია სასამართლოს ქმედება. სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა გადავადების აუცილებლობა მაშინ, როდესაც პატიმარი უკვე გარდაცვლილი იყო სწორედ იმ დაავადების გამო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მეორე ფაქტი მსჯავრდებულ ოთარ ხაბელაშვილს ეხება, რომელიც მძიმედ იყო დაავადებული ტუბერკულოზით.
2011 წლის 2 მარტს ხაბელაშვილმა განცხადება მუდმივმოქმედ კომისიაში შეიტანა. მსჯავრდებული 2012 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა, მის განცხადებაზე კი, საიას ინფორმაციით, რეაგირება დღემდე არ მომხდარა.
“ვფიქრობთ, რომ კომისიის ქმედება არათუ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ შესაძლოა რიგი შემთხვევები დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ფაქტებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს”, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მათივე განცხადებით, საია ამჟამადაც უწევს საადვოკატო დახმარებას რამდენიმე მსჯავრდებულს, რომელთა მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა და თუკი კომისია და სასამართლო რეაგირებას არ მოახდენენ, ეს შემთხვევებიც შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს.