საქართველოს კონტროლის პალატაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის პრინციპები განიხილეს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ცალკეული დებულების მეტად გამჭვირვალობას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორის, ნინა ხატისკაცის ინფორმაციით, რომელიც აღნიშულ შეხვედრაში მონაწილეობდა, დოკუმენტში გაიწერება ყველა ის პროცედურა, რომელიც უნდა განახორციელოს კონტროლის პალატამ.
„ის საკითხები, რომელიც კანონით პრინციპების დონეზეა დარეგულირებული, დეტალურად უნდა გაიწეროს და დადგინდეს, თუ თითოეულ შემთხვევაში კონტროლის პალატამ როგორ უნდა იმოქმედოს და რა საფეხურები უნდა გაიაროს. მაგალითად, თუ არის სამართალდარღვევა, ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით როგორ უნდა მიიღოს ინფორმაცია კონტროლის პალატამ; სანამ დადგინდება სამართალდარღვევა, რა საფეხურები უნდა გაიაროს, როგორ ხდება იდენტიფიცირების პროცედურა, რა არის მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივი ინსტრუმენტები, რა გზებით ხდება ინფორმაციის შეგროვება, როგორ ხდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ა.შ. დეტალურად გაიწერება კონტროლის პალატის მხრიდან რეაგირების პროცედურები, იქნება ეს ყადაღის დადება, ოქმის შედგენა თუ სხვა რამ“, – განაცხადა ხატისკაცმა.
კონტროლის პალატამ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრინციპების დონეზე შემუშავებული დოკუმენტი გადასცა. მომავალ შეხვედრაზე მსჯელობა უკვე კონკრეტულ თემატურ საკითხებზე გაიმართება. საბოლოო დოკუმენტი 1 თვეში უნდა მომზადდეს.