ახალი ამბები

პროტესტი ახალი საბაგიროს მშენებლობასთან დაკავშირებით

20 აპრილი, 2012 •
პროტესტი ახალი საბაგიროს მშენებლობასთან დაკავშირებით

“სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის” ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროპის მოედნიდან ნარიყალამდე საბაგიროს გაყვანას აპროტესტებს.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი აცხადებს, ისინი მასშტაბური კამპანიის დაწყებას აპირებენ, რომელიც “ქალაქის იერსახის დამახინჯების” წინააღმდეგ იქნება მიმართული:

“ნარიყალას ციხის კედელთან შუშის სადგური შენდება. ეს საბაგირო არ ჯდება ქალაქის იერსახეში და თბილისს ისტორიულ და ტურისტულ ფუნქციას უკარგავს. ტურისტი ნიუ–იორკში წავა, თუ შუშის არქიტექტურის ნახვა უნდა და არა – თბილისში”, – აცხადებს მამუკა ბალიაშვილი.

ბალიაშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე დღეში, ევროპის მოედანზე ან მირზა შაფის ქუჩაზე გამოფენა მოეწყობა, სადაც ძველი თბილისის ფოტოები გამოიფინება:

“ეს იქნება კრეატიული გამოფენა, ყოველგვარი მიტინგის და გამოსვლების გარეშე, მოწვეული იქნებიან არქიტექტორები, კოლორიტი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ მშენებლობას შეაჩერებენ, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეპროტესტებინა და ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა” , – განაცხადა ბალიაშვილმა, მისივე თქმით, მუშავდება ძველი თბილისის განვითარების ალტერნატიული გეგმა, რომლის განხორციელებასაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმედოვნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი