ახალი ამბები

ტერაქტისთვის მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო

20 აპრილი, 2012 •
ტერაქტისთვის მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო

“სამწუხაროდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც ვერ მოხერხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ეჭვმიტანილების გადმოყვანა”, – განაცხადა საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა. შესაბამისად, მან კიდევ ერთხელ სხდომის გადადება მოითხოვა.

სასამართლო სხდომა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში მსჯავრდებულების საქმეს ეხება, იგივე მიზეზით, უკვე მეორედ გადაიდო. პირველად სხდომა 18 აპრილსთვის იყო დანიშნული, თუმცა ის არ ჩატარდა და  20 აპრილისთვის გადაიდო. სხდომა არც დღეს ჩატარებულა და ის 24 აპრილისთვის გადაიდო.  

18 აპრილს მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განუცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ მიღებული მოთხოვნა პატიმრების ეტაპირებაზე და დასძინა, რომ  სასამართლო სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობით მიმართავს და შექმნილი პრობლემის მიზეზების გარკვევას შეეცდება.

თუმცა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის აღნიშნული განცხადების გაბათილებას შეეცადა დაცვის მხარე, რომელთა განცხადებითაც, სასამართლოს მიმართვა მისული იყო სასჯელაღსრუელბის დაწესებულებაში, იქ იცოდნენ, რომ უნდა წამოეყვანათ მსჯავრდებულები 18 აპრილს და ამისთვის მოამზადეს კიდეც. თუმცა შემდეგ პატიმრები უკან დააბრუნეს.

მერაბ ყოლბაიას (იგივე “კოჭოიას”) ადვოკატის მათე ხარჭამიძის განცხადებით,  18 აპრილს, ანუ იმ დღეს, როდესაც საქალაქო სასამართლოში გადაიდო სასამართლო პროცესი, ის იმყოფებოდა #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფ მერაბ ყოლბაიასთან, მეტსახელად “კოჭოიასთან”.

“ყოლბაიამ ასეთი რამ განმიცხადა, რომ იმ დღეს ჩვენ ვიყავით ე.წ ფუქსებშიო, სადაც დილით წაგვიყვანეს, გავიარეთ შესაბამისი შემოწმება და ამის შემდეგ,  4–5 საათის შემდეგ, ისევ მიგვაბრუნეს საკნებშიო. ყოლბაიას თქმით, უკან მიბრუნება საკნებში ასე განმიმარტეს, ჩვენთვის უცნობია სასამართლო სხდომის გადადების მიზეზიო”, – აღნიშნა ადვოკატმა ხარჭამიძემ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის შეკითხვაზე, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი მიზეზით სხდომების გადადება, მოსამართლემ უპასუხა:

“ჩვენ წერილი გავუგზავნეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ, სასამართლოს, სხვა ბერკეტის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ რისი საშუალებაც გვაქვს, კიდევ მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შესაბამისი მოთხოვნით მსჯავრდებულების გადმოყვანასთან დაკავშირებით, რათა გვაცნობონ მათი სასამართლო სხდომაზე არგადმოყვანის მიზეზი,” – აღნიშნა მოსამართლემ.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი აღნიშნავს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ისევ არ მოიყვანეს პატიმრები და ისევ გადაიდო სხდომა:

“როგორც ჩანს, მიზეზი ის არის, რომ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ვერც მათი დათანხმება იმაზე, რომ პირვანდელ ჩვენებას დაუბრუნდნენ და ვერც, ალბათ, მათი დარწმუნება, რომ შეღავათებს გაუკეთებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირვანდელ ჩვენებას დაუბრუნდებოდნენ”, – აღნიშნავს ადვოკატი და აქვე 189–ე მუხლს იშველიებს, სადაც აღნიშნულია, თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადრაგირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა და ამის თაობაზე აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბადრაგირების განუხორციელებლობის მიზეზი.  

ადვოკატის თქმით კი, დაცვის მხარეს რჩება მხოლოდ ერთადერთი ბერკეტი, ეს პროცესი ცნობადი გახადონ საზოგადოებისთვის.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებში ბრალდებულ 7 პირს, რომლებიც შსს-მ 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავა. ბრალდებულები არიან:  გოგიტა რევაზის ძე არქანია, ჯონი მურადის ძე აბულაძე,  მარიამ მურმანის ას ნიკოლავა, გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა, გოდერძი რევაზის ძე არქანია,  ლელა მალხაზის ას ხურცილავა  და მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად “კოჭოია”.

დაკავებულთაგან მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

რამდენიმე დღის წინ კი ტერაქტების განხორციელებაში მსჯარდებულ მერაბ ყოლბაიასა და გოგიტა არქანიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ ჩვენებები შეცვალეს. მათი თქმით, პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

ამავე თემაზე:

რატომ აპირებს ტერაქტებში ბრალდებული შიმშილობის დაწყებას

უვადო და 30-წლიანი პატიმრობა ტერაქტების მოწყობის

მასალების გადაბეჭდვის წესი