“საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” (IFC) კვლევის პრეზენტაცია “შერატონ მეტეხი პალასში” ამ წუთებში მიმდინარეობს.
IFC-ის კვლევა ასახავს მეწარმეთა დამოკიდებულებას საქართველოში ბიზნესის სფეროში ბოლო ხანს განხორციელებული რეფორმების შესახებ.
კავკასიაში IFC-ის რეგიონული მენეჯერის თომას ლუბეკის განცხადებით, ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში ათასზე მეტი მეწარმე გამოკითხა. რესპონდენტთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო მეტნაკლებად ან საკმაოდ მიმზიდველია, გამოკითხულთა მხოლოდ 0,11% საუბრობს კორუფციაზე. მათ ეს პრობლემა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოეშვათ. 6%–ს სმენია სამთავრობო ორგანოებში კორუფციის შესახებ.
IFC-ის რეგიონული მენეჯერის შეფასებით, ეს კვლევა ნათლად ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს კორუფციის დაძლევისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. კვლევის შედეგები ასევე წარმოაჩენს იმ სფეროებს, სადაც დამატებითი რეფორმების განხორციელებაა შესაძლებელი. ლუბეკი აცხადებს, რომ IFC-ი მზადაა განაგრძოს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს გარემო კერძო ბიზნესისთვის და მეწარმეებმა რეფორმების შედეგებით ისარგებლონ.
IFC-ის კვლევის თანახმად, 2011 წელს მსხვილ საწარმოებს ზრდის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მცირე საწარმოებს. გამოკითხულ მსხვილ საწარმოთა ნახევარზე მეტი გაფართოვდა.
2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, გამოკითხული მცირე საწარმოების მხოლოდ 17% გაფართოვდა, ხოლო 43%–ს კლების ტენდენცია აქვს. კლების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად გამოკითხული ბიზნესმენები დაბალ საბაზრო მოთხოვნას ასახელებენ. კვლევამ ასევე გამოავლინა ის პრობლემები, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან, მათ შორის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჯარიმები, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და კომუნალური ხარჯები.
IFC-ის პრეზენტაციას ესწრებიან: შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია და ბიზნეს– ომბუდსმენი გიორგი პერტაია.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” (FC) მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს ეთანხმება. IFC-ის კვლევა ასახავს მეწარმეთა დამოკიდებულებას საქართველოში ბიზნესის სფეროში ბოლო ხანს განხორციელებული რეფორმების შესახებ.
ებანოიძის თქმით, მეწარმეებმა გამოკითხვის შედეგად განაცხადეს, რომ საგადასახადო ადმინისტრირება და საგადასახადო ტვირთი ბიზნესის შემაფერხებელ მიზეზებს შორის მეექვსე ადგილზეა. ებანოიძე მიიჩნევს, რომ კვლევამ რეალური მიზეზი აჩვენა, რადგან შემოსავლების სამსახურმა 2011-2012 წლებში რიგი რეფორმები განახორციელა, რის შედეგადაც ბიზნესს საგადასახადო წნეხი და საგადასახადო კანონმდებლობა ნაკლებად აწუხებს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური ზრუნავს მცირე მეწარმეებზე, შეიქმნა უბნის საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც მუდმივი ურთიერთობა აქვს მეწარმეებთან, ახორციელებს მათთან კონსულტაციებს და აწვდის ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე სიახლეების შესახებ:
“ეს იმისთვის კეთდება, რომ მეწარმეებს ავარიდოთ ჯარიმები და სანქციები, საგადასახადო სამსახური აღარ არის ჩასაფრებულის როლში” , – აცხადებს ჯაბა ებანოიძე.
თუმცა IFC-ს წარმომადგენლის ლიზა ქესთნერის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საგადასახადო შემოწმებების ტვირთი ბიზნესზე მაღალია:
“შემოსავლების სამსახურმა უნდა შეამოწმოს მაღალი რისკის ბიზნესები, მცირე ბიზნესები არ ატარებენ დიდ რისკს, ამიტომ უნდა მოხდეს სექტორის შესწავლა და კომპანიების შერჩევა. კერძო სექტორს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რათა მოხდეს მისი გაფართოება და განვითარება”.
“მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის” თავმჯდომარის გიორგი ისაკაძის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს ჭირდება მხარდაჭერა:
“ბიუჯეტის 70-80% ივსება მსხვილი ბიზნესიდან ამოღებული გადასახადებით, თუმცა დასაქმების კუთხით 70% მოდის მცირე და საშაულო ბიზნესზე”, – აცხადებს ისაკაძე.
ლიზა ქესთნერის თქმით, IFC მთავრობასთან კონსულტაციებს აგრძელებს: “ჩვენი მთავარი მიზანია შემცირდეს წნეხი ბიზნესზე, პროცესები გამარტივდეს და იყოს ნაკლები ბიუროკრატია”.
IFC-ის საგადასახადო პროექტი საქართველოში ავსტრიისა და ლუქსემბურგის მთავრობებისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 605 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამ ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში 40 პოექტი განხორციელდა.