ახალი ამბები

თიბილოვის ინაუგურაცია

19 აპრილი, 2012 •
თიბილოვის ინაუგურაცია

დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. ლეონიდ თიბილოვი მთავრობის სახლში წითელი ხალიჩის გავლით შევიდა. დარბაზში მას სტუმრები უკვე ელოდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჰიმნის მოსმენის შემდეგ სცენაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევა ავიდა და საზოგადოებას ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააცნო. მან ლეონიდ თიბილოვი დე ფაქტო რესპუბლიკის რიგით მესამე პრეზიდენტად გამოაცხადა. თიბილოვი აშკარად ღელავდა. მან საკონსტიტუციო ფიცი ოსურ ენაზე წარმოთქვა და ერთ მომენტში ტექსტი დაავიწყდა. პაუზამ რამდენიმე წამს გასტანა.

დღეს ცხინვალში მთავარი სტუმარი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი იყო, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევის და ვლადიმერ პუტინის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ფინანსურ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს, რასაც დარბაზში მქუხარე ტაში მოჰყვა.

ნარიშკინის შემდეგ მისალოცი სიტყვით სცენაზე აფხაზეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და ნიკარაგუას წარმომადგენლები გამოვიდნენ. ბოლოს სიტყვა ისევ თიბილოვს გადაეცა და ამჯერად მან უკვე რუსულ ენაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დააფასა და დაეხმარა მას გამარჯვებაში.

არც ერთი სამადლობელი სიტყვა წინამორბედ ედუარდ კოკოითის მიმართ არ წარმოთქმულა. დარბაზში დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი იმყოფებოდა, მაგრამ ტელევიზიის მიერ გადაცემულ ინაუგურაციის ცერემონიალზე კოკოითი არც ერთ კადრში არ მოხვედრილა, შესაძლოა იგი საერთოდ არც მივიდა ამ ღონისძიებაზე, თუმცა მიწვეულთა სიაში იყო.

თიბილოვს საკუთარ გამოსვლაში არც ქართულ–ოსური ურთიერთობების მომავალი პერსპექტივის შესახებ უსაუბრია, მან მთავარი აქცენტი რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის მკაცრ კონტროლზე და სამშენებლო–აღდგენითი სამუშაოების ხარისხზე გააკეთა. 

თიბილოვის ინაუგურაციას არ დასწრების ოპოზიციის ლიდერი ძამბოლათ თედეევი, რომელიც მას გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. თედეევს ცხინვალში ჩასვლა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან აუკრძალეს და მას ვლადიკავკაზის სახლში დარჩენა ურჩიეს. რუსი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს თიბილოვის შეურაცხყოფა იყო და მას კრემლის მოხელეებმა კიდევ ერთხელ მიანიშნეს, რომ მათ გარეშე დე ფაქტო რესპუბლიკაში არაფერი მოხდება, ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, თიბილოვიც, წინამორბედების მსგავსად, მთლიანად კრემლის ნება–სურვილზე იქნება დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი