ახალი ამბები

ნატა ფერაძე ნარმანიას ბოდიშზე: მთავრობას არ აქვს ადეკვატური რეაქცია პრობლემებზე

25 აგვისტო, 2016 • 1409
ნატა ფერაძე ნარმანიას ბოდიშზე: მთავრობას არ აქვს ადეკვატური რეაქცია პრობლემებზე

პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე, რომელიც თბილისის მერიის წინ ხეების ჭრის გამო გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა, ამბობს, რომ დავით ნარმანიას ბოდიში არ იყო ადეკვატური.

დავით ნარმანიამ ბოდიში 24 აგვისტოს მის მიერ ნათქვამი არაკორექტული სიტყვების გამო მოიხადა. თბლისის მერიაში გამართული შეხვედრა დავით ნარმანიასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.  თბილისის მერმა სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს შეურაცხყოფა მიაყენა და “მაიმუნი, ვირიშვილი” უწოდა.

ნატა ფერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მათ არც გუშინ მომხდარი ფაქტი სწყენიათ და არც დღევანდელი ბოდიში უხარიათ:

“განცხადებაში წერია, რომ მას უნდოდა კონსტრუქციული დიალოგი და რახან მსგავსი არ შედგა, ამიტომ გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენც იმიტომ გამოვედით მწყობრიდან, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგი გვინდიდა და იქ დაგვხვდა გლობალური დათბობა და პოლარულ დათვებზე საუბარი. ეს არ იყო ადეკვატური შეხვედრა. მერე ალბათ ურჩია პიარმა, რომ რაღაც სახით ბოდიში უნდა მოეხადა, თუმცა ბოდიშიც არ იყო ადეკვატური. ანუ ადამიანი ისევ არ იაზრებს, რას ვთხოვთ. მისგან არც ის გვწყენია და არც ბოდიში გვიხარია. ანუ ამ ადამიანების კომპეტენტურობაზე უკვე საბოლოოდ ჩამოვიყალიბეთ წარმოდგენა… ზუსტად ამის გამოა ჩვენი შიმშილობა აქ, რომ მთავრობა ადეკვატურად არ რეაგირებს ადეკვატურ პრობლემებზე. ლაპარაკობენ სტრატეგიებზე და ამასობაში ხმება და იჭრება ხეები,”- ამბობს ნატა ფერაძე.

პარტიზანი მებაღეები უკვე მეცხრე დღეა, თბილისის მერიასთან შიმშილობის პერმანენტულ აქციას მართავენ. მათ აქცია 17 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

თავდაპირველად, შიმშილობდა ნატა ფერაძე. 6 დღის შემდეგ მან ჯანმთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო შიმშილობის გაგრძელება და მეორე აქტივისტმა, ელენე მალაშევსკი–ჯაყელმა ჩაანაცვლა.

“პარტიზანული მოძრაობა თბილისის” წევრები მოითხოვენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას, ასევე, სამსახურის სტრუქტურის შეცვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი