ახალი ამბები

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე: საკანონმდებლობო ინიციატივა მთავრობის საქმეა

25 აგვისტო, 2016 • 2281
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე: საკანონმდებლობო ინიციატივა მთავრობის საქმეა

25 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში ადგილობრივ მოსახლეობას ცაგერის, ამბროლაურის, ონის , ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ენმ-ის ყოფილი წევრი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.

ენუქიძე ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელსაც ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არც ერთხელ არ გამოუყენებია.

ნეტგაზეთის კითხვას, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ენუქიძეს, მესტიის მოქმედმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა.

ჯაფარიძის აზრით, კანონპროექტის ინიცირება მხოლოდ მთავრობის საქმეა.

“ჩვენი საქმე არის კომიტეტებში განხილვა და პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერა. კანონმდებლობით საკანონმდებლობო ინიციატივა არის მთავრობის”.

ხოლო მას შემდეგ, რაც ჯაფარიძის გვერდით მდგომმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ზოგი დეპუტატიც ახდენს კანონპროექტის ინიცირებას და შეახსენა ჯაფარიძეს, შენც იმუშავე მთის კანონპროექტზეო, დეპუტატმა განაცხადა:

“ზოგი აკეთებს, მაგრამ არ არის აუცილებელი, გინდა თუ არა, გააკეთოს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი