ახალი ამბები

ვინაა “ოცნების” “რეალური” კანდიდატი მცხეთაში? – ჩოჩელი VS ხუნდაძე

24 აგვისტო, 2016 • 2515
ვინაა “ოცნების” “რეალური” კანდიდატი მცხეთაში? – ჩოჩელი VS ხუნდაძე

მცხეთაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ერთმანეთს უპირისპირდებიან. ხუნდაძის განცხადებით, ჩოჩელი და მისი მხარდამჭერები მცხეთაში ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სწორედ ის იყო “ქართული ოცნების” რეალური კანდიდატი და არა ხუნდაძე.

“ცეზარ ჩოჩელი, რომელიც 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის პერიოდში იყო გუბენრატორი, ღიად უნდა გამოდიოდეს და არ მალავდეს იმ საზოგადოებას, რომელიც მის გარშემოა”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცეზარ ჩოჩელი წინა ხელისუფლების დროს მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორად მუშაობდა. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. მას უძრავი ქონება და წილებიც დაუყადაღეს. 2013 წლის 1 იანვარს  ჩოჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2015 წლის მარტში გაზეთ ბანკები და ფინანსებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩოჩელმა თქვა: “ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილია მხოლოდ ,,ბარამბო“. „ბარამბოზე“ აპელაცია მოვიგეთ და მაისში პროცესი ბოლო ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. შესაბამისად, გარკვეული სახის პრობლემები კვლავ გრძელდება და, შესაბამისად, „ბარამბოს“ განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ფერხდება”.

იმავე ინტერვიუში ჩოჩელმა ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა კონკრეტულად მათი ჯგუფის ბიზნესებთან დაკავშირებით: “შემიძლია ვთქვა, რომ ზეწოლა აღარ იგრძნობა, მხოლოდ „ბარამბოსთან“ დაკავშირებული პრობლემა რჩება მოუგვარებელი”.

მიმდინარე წლის აპრილში ჩოჩელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. “საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენს მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ჩოჩელისა და კვირიკაშვილის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 2016 წლის აპრილში

ჩოჩელისა და კვირიკაშვილის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 2016 წლის აპრილში

 

ცოტა ხნის წინ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მცხეთაში ქართული ოცნების რეალური კანდიდატი ცეზარ ჩოჩელია და არა დიმიტრი ხუნდაძე, 20 აგვისტოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ცეზარ ჩოჩელს აქვს ირიბი მხარდაჭერა მმართველი გუნდის მხრიდან მცხეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, “მსგავსი უპასუხისმგებლო ჭორები სხვა რაიონებზეც ვრცელდება და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია”.

“მცხეთას რაც შეხება, “ქართულ ოცნებას” ჰყავს კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც აქვს ყველა მახასიათებელი იმისთვის, რომ გახდეს მცხეთის რაიონის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი კონკურენციის სფეროა”, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს ცეზარ ჩოჩელის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა ბიზნესმენის განცხადება, რომელშიც დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს:

“იმ ხმებს (ჭორებს), თითქოსდა ,,ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იგი ქართული ოცნების კანდიდატია”, თავად თქვენი გარემოცვა ავრცელებს. მიზანი ერთი გაქვთ – იქნებ ზემო ეშელონების წარმომადგენლებმა გულთან მიიტანონ თქვენი გაჭირვება, გაიღონ მოწყალება და პარტიულ სიაში მოგახვედრონ…
ასევე თქვენივე გარემოცვა ავრცელებს ხმებს, თითქოს ,,სხვადასხვა პიროვნებები ხელს გიშლიან, არ გაძლევენ მუშაობის საშუალებას.’’ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ აირიდოთ პასუხისმგებლობა, სამაგიეროდ გქონდეთ საბაბი ზემო ისტანციებში თავის მართლების”, – აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელი სატელევიზიო დებატებშიც გამოიწვია, რაზეც ეს უკანასკნელი თანხმობას აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი