ახალი ამბები

“რესპუბლიკელები”: ცესკო რიგი პარტიებისთვის რიგითი ნომრის წილისყრის გარეშე მინიჭებას გეგმავს

24 აგვისტო, 2016 • 1662
“რესპუბლიკელები”: ცესკო რიგი პარტიებისთვის რიგითი ნომრის წილისყრის გარეშე მინიჭებას გეგმავს

რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 24 აგვისტოს, დაგეგმილ სხდომაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე რიგი პოლიტიკური სუბიექტისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის რიგითი ნომრის წილისყრის გარეშე მინიჭებას გეგმავს, რაც პარტიის წევრთა აზრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება.

” საქართველოს საარჩევნო კოდექსი იმპერატიულად ადგენს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს. კერძოდ, რიგითი ნომერი განისაზღვრება წილისყრით. ამ წესიდან არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რომლის გაფართოებაც არ შეიძლება. ამ გამონაკლისის მიხედვით რიგითი ნომრის წილისყრის გარეშე, წილისყრამდე არჩევის უფლება აქვს იმ სამ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორცოული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა მიიღო”,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ხიდაშელის ინფორმაციით, ცესკო გეგმავს, 23-ამდე პოლიტიკურ სუბიექტს, რომელმაც თვითმმართველობების არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ამ არჩევნების დროს განსაზღვრული რიგითი ნომერი მიანიჭოს, რაც პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

“მათ 2-8 სექტემბამდე, წილისყრამდე შესაძლებლობა ექნებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ თავიანთი რიგითი ნომრით, ანუ, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია უნდა დაელოდოს ცესკოში გასამართ წილისყრას 2-დან 8 სექტემბრამდე. ეს არის კანონით განსაზღვრული ვადა. ხოლო დანარჩენ სუბიექტებს, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსს, მაგალითად, ახალ მემარჯვენეებს, მაგალითდ, წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 23-ამდე სუბიექტს, შესაძლებლობა ექნებათ, თუ ამის სურვილი ექნათ, უკვე განსაზღვრული რიგითი ნომერი მიუთითონ წინასაარჩევნო კამპანიის წამოებისას” , თქვა თამარ ხიდაშელმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრების აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო პროცესის სტაბილურად მიმდინარეობას და მოუწოდებენ ცესკოს, არ დაუშვას კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება.

“ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ცესკოს სხდომა დღეს, 16 საათზე გაიმართება და  გადაწყვეტილებას 13 ადამიანისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო მიიღებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო, ინფორმაცია ამის შესახებ, სპიკერის თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი