ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ კავკასიის გამქრალი გოგონები

23 აგვისტო, 2016 • 8324
სამხრეთ კავკასიის გამქრალი გოგონები

ბილიასუვარში [აზერბაიჯანი] მცხოვრები 31 წლის რამილია [სახელი შეცვლილია] სამი შვილის დედაა. მისი მესამე შვილი, ბიჭი, შვიდი წლისაა. მისი გაჩენა რამილიასთვის მარტივი არ იყო. იმისთვის, რომ ნათესავების თვალში “ბიჭის დედის” ამაყი სტატუსი ეტარებინა, ორჯერ დაუბადებელ გოგონაზე უარი თქვა.

“ისინი ტყუპები იყვნენ. ისეთი საყვარლები და უმწეოები… მაგრამ მე უკვე მყავდა ორი გოგონა. დედამთილი და ზოგადად, ქმრის ოჯახი ბრაზდებოდა ჩემზე, რომ ბიჭის გარეშე რჩებოდნენ, გვარი არ გაგრძელდებოდა. როდესაც ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ორივე გოგონაა, ქმარმა მითხრა, კარგი, აირჩიე: ან ამ ორ გოგოს აჩენ და ამით ვასრულებთ შვილების გაჩენას, ან იკეთებ აბორტს და ბიჭის გაჩენას შევეცდებით. მეორე ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა ამაყად, თავაწეულს მევლო, როგორც ბიჭის დედას. არ მინდოდა, ჩემთვის ეწოდებინათ “ოგულსუზ” [ბიჭის გარეშე]. ეს ხომ ძალიან დამამცირებელია… მაგრამ ჩემს გოგონებსაც ვერ ვივიწყებ”, – თვალცრემლიანი ჰყვება რამილია.

აბორტი

“არასასურველი” სქესის ბავშვი…

ორი შვილის დედა, 36 წლის ნარა მესროპიანი ამბობს, რომ ბავშვის არასასურველი სქესის გამო სამჯერ შეწყვიტა ორსულობა და ყოველ ჯერზე ექიმები მე-12 კვირაზე არკვევდნენ სქესს –  გოგო.

“სამჯერ გოგონა იყო, იქამდე უკვე მყავდა ორი გოგო. ჩემთვის და ქმრისთვის მნიშვნელოვანი იყოს ბიჭის ყოლა. რა თქმა უნდა, ყოველი აბორტის შემდეგ ფსიქოლოგიურად მძიმედ ვიყავი, თავს მკვლელად ვგრძნობდი. მაგრამ ბიჭის ყოლის სურვილი ძალიან ძლიერი იყო. გავათხოვებ გოგონებს და, ბუნებრივია, ჩვენთან ბიჭი დარჩება”, – ამბობს ნარა, რომლის შვილი – ბიჭი ახლა უკვე 7 წლისაა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ორსული ქალი ძალიან ხშირად მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნის და ჯერ არდაბადებული შვილის ბედსაც ხშირად თავად არ წყვეტს. როგორც კი ორსულობა დგება, იწყება ზეწოლა ქმრისა და მისი ოჯახის მხრიდან. ბევრი ქალი მათი მხრიდან ამ დაკვეთის შემსრულებელია. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მან უნდა გააჩინოს იმ სქესის შვილი, რომელიც მას დაუკვეთეს.

ბევრი გინეკოლოგთან დადის სპეციალურ გამოთვლებზე, ამბობენ, რომ არსებობს ფორმულები, როდის უნდა დაორსულდე, რომ ბავშვის სქესი სწორედ ის იყოს, რომელიც “საჭიროა”. მეორე ნაწილი, გარშემომყოფების გულის მოსაგებად, ბავშვის სქესს არკვევს გამოკვლევით და  შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს.

“ორი გოგო მყავს. როდესაც დავორსულდი მესამედ, ქმარმა მითხრა: შეამოწმე, თუ ბიჭია, გააჩინე, თუ არა – აბორტი გაიკეთე. აბორტი გავიკეთე იმიტომ, რომ ვფიქრობ, ის მართალია, რად გვინდა სამი გოგო?”- ამბობს თბილისში მცხოვრები 35 წლის სოფია.

“გოგოებო, სად აკეთებენ კარგად ექოსკოპიას? ძალიან მჭირდება ბავშვის სქესის დადგენა. გოგო თუ იქნება, აბორტი უნდა გავიკეთო”, – წერს ქალთა ერთ-ერთ ჯგუფში ფეისბუკზე საქართველოში მცხოვრები 24 წლის ქალი.

სომხეთში მცხოვრები 27 წლის ანა ორი გოგონას დედაა. ის ამბობს, რომ მისი ექიმის გამოთვლით, იმისთვის, რომ ბიჭი დაიბადოს, 2016 წელს უნდა დაორსულდეს.  

“12 კვირის შემდეგ ექვსჯერ გამომიკვლიეს, მაგრამ ექიმებმა მაინც ვერ შეძლეს სქესის დადგენა, ან ფეხები იყო გადაჯვარედინებული, ან მჯდომარე პოზაში იყო ნაყოფი. ერთ საავადმყოფოში დაახლოებით შეძლეს თქმა, რომ გოგოს ხედავენ. უკვე ეჭვებში ვიყავი: გავაჩინო თუ არა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გოგონა თუ იქნებოდა – აბორტს ვიკეთებდი!” – ამბობს ანა.

ანას მონაყოლით, ბავშვის სქესთან დაკავშირებით პრობლემა მის დედამთილს ჰქონდა, რომელმაც თავის დროზე, სამი გოგოს გაჩენის შემდეგ, “როგორც იქნა”, ბიჭი გააჩინა.

“დედამთილი მეუბნებოდა, მე გადაგიხდი, ოღონდ წადი და აბორტი გაიკეთე, რად გინდა მესამე გოგო, ბიჭისთვის უნდა იბრძოლო. ჰოდა, ასე გადავწყვიტე აბორტის გაკეთება”.

ასეთ ისტორიებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მრავლად მოისმენთ.

ბიჭები გოგონების წინააღმდეგ?

სელექციური აბორტების ფენომენი – ეს არის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს ფენომენი საბჭოთა კავშირის შემდეგ გაჩნდა. დაახლოებით ამავე პერიოდში, 90-იან წლებში, პირველად გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც ორსულობის დროს სქესის დადგენის საშუალებას იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახების უმრავლესობას ბიჭი უნდა და თან, არ უნდა ბევრი შვილი. ამიტომაც სასურველი შედეგის მისაღწევად არჩევანს აკეთებენ.

2012 წელს კვლევა  “სომხეთში ახალშობილთა შორის გენდერული დისბალანსი. დემოგრაფიული მონაცემები და ანალიზი” ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ყოველ წელს ქვეყანაში [სომხეთი] 1500 გოგონა სელექციური აბორტის მიზეზით არ იბადება.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემით, მიმდინარე, 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ახალშობილების 53,6% ბიჭია. გაეროს მოსახლეობის ფონდის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მრჩეველი ფარიდ ბაბაევი აცხადებდა: ბალანსის რღვევის დინამიკა 1998 წლიდან დაიწყო. შედეგად, 2016 წელს აზერბაიჯანმა მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა ახალშობილთა შორის თანაფარდობის დარღვევაში.

ამასთან, გაეროს ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში სელექციური აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზერბაიჯანელი ექსპერტების მონაცემით კი, ცენტრალურ აზიაში აზერბაიჯანი სელექციური აბორტების თვალსაზრისით ლიდერია. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, აზერბაიჯანში 100 ახალშობილ გოგონაზე 116 ბიჭი მოდის, სომხეთში – 114, საქართველოში – 113. ეს მაღალი მაჩვენებელი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მთელ კავკასიაში დემოგრაფიული სურათის შეცვლა შეუძლია.

“აზერბაიჯანში ყოველწლიურად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, 6-7 ათასი ბიჭით მეტი ჩნდება, ვიდრე გოგო”, – ამბობს აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის “აზერბაიჯანის მოსახლეობისა და სოციალური განვითარების” განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზაკირ ემინოვი.

ლელა ბაქრაძე

ლელა ბაქრაძე

“ხელოვნური ჩარევისა და სქესის არჩევის გამო სქესთა შორის ბიოლოგიური თანაფარდობა დაბადებიდანვე ირღვევა – იბადება უფრო მეტი ბიჭი და მცირდება ახალშობილ გოგონათა რიცხვი. დათვლილი იყო, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან 2010 წლამდე 25 ათასი გოგონა ვერ დაიბადა”, – ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის სომხეთის ოფისის წარმომადგენელი გარიკ აირაპეტიანი ამბობს, რომ სომხეთში გენდერული დისბალანსის პირველი ნიშნები 1993 წლიდან შეიმჩნევა: სელექციური აბორტების გამო 2060 წლამდე სომხეთში თითქმის 100 ათასი მომავალი დედა არ დაიბადება. ორსულობის სელექციური შეწყვეტა, რომელიც ბალანსს არღვევს, ბევრ სოციალურ პრობლემას შეგვიქმნის”, – ამბობს აირაპეტიანი.


Garik Hayrapetyan 3მისი განმარტებით, დისბალანსი განსაკუთრებით 2000-2001 წლებში გაძლიერდა, როდესაც 100 გოგონაზე 120 ბიჭი იბადებოდა. 4-5 წლის განმავლობაში სომხეთში 100 გოგონაზე 114-115 ბიჭი იბადებოდა, რაც 10%-ით აჭარბებს ნორმას.

ამასთან, სელექციური აბორტების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რამდენადაც პაციენტები აბორტის მიზეზებზე ექიმებთან ნაკლებად საუბრობენ. სქესის შერჩევა ძირითადად მესამე შვილზე ორსულობისას ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველი ორი შვილი გოგოა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმადვე, საქართველოში არსებობს რეგიონები, სადაც ეს ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია: მაგალითად, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავაზეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი.

გარიკ აირაპეტიანი ამბობს, რომ სომხეთშიც არსებობს “ლიდერი” რეგიონები სელექციური აბორტების გავრცელების თვალსაზრისით: “გეგარკუნიკისა და არაგაცოტნის რეგიონებში ახალშობილთა თანაფარდობით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია: 100 ახალშობილ გოგონაზე 124 ბიჭი მოდის. ანუ ამ რეგიონებში სელექციური აბორტები ყველაზე დიდი რაოდენობით კეთდება,”- ამბობს აირაპეტიანი.

კარინე სარიბეკიანი

კარინე სარიბეკიანი

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი კარინე სარიბეკიანი ამბობს, რომ სქესის მიხედვით ორსულობის შეწყვეტის სტატისტიკური მონაცემი არ აქვთ, რამდენადაც სტატისტიკა მხოლოდ ახალშობილთა სქესზე წარმოებს.

“პირველი ორსულობის დროს სელექციური აბორტების საკითხი არ დგას. პროცესი მეორე ორსულობის დროს იწყება, მაგრამ არ არის მკვეთრად გამოხატული, მესამე შვილის შემთხვევაში ახალშობილ ბიჭებსა და გოგონებს შორის სხვაობა უკვე საგრძნობლად დიდია – 100 გოგონა და დაახლოებით 160 ბიჭი. თუკი ოჯახები უპირატესობას კვლავ ბიჭებს მიანიჭებენ, გოგონების დაკარგვას განვაგრძობთ. წელიწადში დაახლოებით 2000 გოგონა არ იბადება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სქესი მდედრობითია”, – ამბობს სერიბეკიანი.

რატომ სურთ მშობლებს ბიჭი?

რატომ მიიჩნევა ოჯახში ერთი, ორი ან სამი გოგოს ყოლა პრობლემად იმ დროს, როდესაც ბიჭების რაოდენობა მეზობლებსა და ნათესავებში აღტაცებასა და შურს იწვევს? ბიჭის არყოლა რატომ მიიჩნევა დამამცირებლად, საწყენად, გოგოს შემთხვევაში კი, არ იწვევს მწუხარებასა და უკმაყოფილებას?

სამივე ქვეყანაში ბიჭი მიიჩნევა მომავლად, მშობლების პოტენციურ შემნახავად. ასევე, ბიჭ შვილში ხედავენ გვარის გამგრძელებელს. მშობლები უპირატესობას ანიჭებენ ბიჭებს, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სიბერეში სწორედ ისინი უპატრონებენ მათ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის, ლელა ბაქრაძის თქმით, 2014 წელს მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებით, პირველ რიგში, მიზეზები გენდერულ დისკრიმინაციაში იმალება, იმაში, რომ პატრიარქალურ საზოგადოებებში კაცები ქალებზე უკეთესად მიიჩნევიან.  

“რამდენდაც საქართველოში პატრიარქალური საზოგადოებაა, ოჯახში მიიჩნევენ, რომ მინიმუმ ერთი ბიჭის ყოლა აუცილებელია”, – ამბობს ბაქრაძე.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბიჭებს უპირატესობას უკვე მრავალი წელია ანიჭებენ.

“საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში შედარებით მაღალი შობადობა იყო. ძირითადად იქამდე აჩენდნენ, სანამ ბიჭი არ ეყოლებოდათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე შობადობამ მკვეთრად იკლო”, – განმარტავს ბაქრაძე.

გარიკ აირაპეტიანი ამბობს, რომ სომხეთშიც მსგავსი მიდგომაა. “სომხეთის საზოგადოებაში მამაკაცის როლი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა, ვიდრე ქალის, და ამ მოვლენას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ვაწყდებით: ჩვენს საზოგადოებში დომინირებული მამაკაცები არიან და არა ქალები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მამრობითი სქესის შვილებზე მშობლები უფრო დიდ იმედს ამყარებენ, ვინაიდან, მათი აზრით, ისინი უპატრონებენ მათ”.

მატანატ აზიზოვა

მატანატ აზიზოვა

აზერბაიჯანში ქალთა კრიზისული ცენტრის დირექტორი მატნატ აზიზოვა უკვე მრავალი წელია ამ სოციალურ მოვლენას იკვლევს. ისიც ამბობს, რომ ტრადიციის თანახმად, აზერბაიჯანულ ოჯახში ბიჭი აუცილებლად უნდა იყოს. აზიზოვას აზრით, ეს სათავეს იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც ხშირი ომების დროს კაცები იღუპებოდნენ, როდესაც საჭირო იყო სამუშაო ძალა მიწაზე სამუშაოდ, სანადიროდ. ბევრი ბიჭი ოჯახში იმას ნიშნავდა, რომ ოჯახი შიმშილით არ დაიხოცებოდა.

“ეს ტრადიცია შენრჩუნებულია და ბიჭის კულტი ოჯახში ამ დრომდე არსებობს. ტრადიციას იცავენ არა მხოლოდ კაცები. ხშირად ქალებისგან, განსაკუთრებით რეგიონებში, შეიძლება გაიგო ამაყად ნათქვამი ფრაზა: ამ ოჯახისთვის ბიჭი გავაჩინე. ქალისთვის ბიჭის ყოლა ფსიქოლოგიურ დონეზე ნიშნავს, რომ ის ამ ოჯახის წევრი ხდება და პატივისცემას იმსახურებს, რამდენადაც მემკვიდრე გააჩინა და ქმრის გვარი გაგრძელდება”, – ამბობს აზიზოვა.

ექსპერტის აზრით, არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც მდედრობითი სქესის დადგენის შემდეგ ქალებს აბორტს აიძულებდნენ. არსებობს ფაქტები, როდესაც ქალს ამ მიზეზით სახლიდან აგდებდნენ, სჯიდნენ, სცემდნენ ან სხვაგვარად ძალადობდნენ.

“ამიტომ სელექციური აბორტი ეს ფსიქოლოგიური ძალადობაცაა და ფიზიკურიც”, – ამბობს აზიზოვა.

20 წელზე მეტი სტაჟის მქონე ექიმი გინეკოლოგი საქართველოში ი.მ. [ანონიმურობის დაცვა გადაწყვიტა] თავის დაკვირვებებს გვიზიარებს. მას უმუშავია საქართველოს რეგიონებში, სამცხე-ჯავახესა და ქვემო ქართლში, ასევე, დედაქალაქში: “აბორტების დიდი ნაწილი გოგონებზე მოდის – უნდათ ბიჭი, გვარის გამგრძელებელი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ასევე, სომხებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ქმრის ოჯახის გადაწყვეტილება. შესაძლოა, ამას ხმამაღლა არც ამბობენ, თუმცა მოგვიანებით ეს რძლის მიმართ უკმაყოფილებით გამოიხატება, რომელმაც ბიჭი არ გააჩინა. უფრო იშვიათად კეთდება აბორტი ბიჭზე ორსულობის დროს – როდესაც პირველი ორი ბიჭი ჰყავთ და მესამე გოგო უნდათ. ფაქტების შესახებ, როდესაც პირველივე ორსულობაზე სელექციურ აბორტი გაუკეთებიათ, არ გამიგია”, – ამბობს ექიმი.

კანონი

აბორტი არც საქართველოში, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში აკრძალული არ არის. იმ სპეციალისტების აზრით, რომლებიც რეგულარულად ამ საკითხებს ეხებიან, აბორტზე სრული აკრძალვა სიტუაციას არ შეცვლის, პირიქით- ყველაფერი მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს.

სამივე ქვეყანაში აბორტი ორსულობის 12 კვირამდეა დაშვებული. 22 კვირამდე ქალს აბორტის უფლება აქვს მხოლოდ რაიმე ჩვენებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური პრობლემები, განქორწინება, გაუპატიურება და ა.შ. როდესაც სელექციურ აბორტზე ვსაუბრობთ, აქ 12 კვირის შემდეგი პერიოდი იგულისხმება. ეს ის პერიოდია, როდესაც ექიმებს თავისუფლად შეუძლიათ ბავშვის სქესის დადგენა და სწორედ ის პერიოდი, როდესაც აბორტის გასაკეთებლად ჩვენებაა აუცილებელი.

მრავალრიცხოვანი დისკუსიების შემდეგ, 2016 წლის 17 ივნისს, სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ” და ასევე, რიგი თანმდევი კანონები  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევებში.

გარიკ აირაპეტინი პოზიტივად მიიჩნევს იმას, რომ  სამი წლის განმავლობაში მიაღწიეს კონკრეტული ზომების მიღებას ამ მოვლენასთან ბრძოლაში, ვინაიდან არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ტენდენცია 15-20 წელი გრძელდებოდა.

არმენ მურადიანი

არმენ მურადიანი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არმენ მურდიანი პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დროს აცხადებდა, რომ ამით ისინი თავაზობენ ცვლილებებს კანონის მე-10 მუხლში, რომელიც ორსულობის 12-დან  22 კვირამდე ხელოვნურად შეწყვეტის აკრძალვას ითვალისწინებს.

“სქესის ნიშნით ორსულობის შეწყვეტა იკრძალება. ამასთან, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა თავად ორსულის წერილობითი განცხადების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. გვიან ვადებზე კი მხოლოდ ექსპერტის დასკვნით, ან სოციალური მიზეზებით – მამის გარდაცვალება, ორსულის დაპატიმრება, გაუპატიურება, საფრთხე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის ან  დედისთვის, სერიოზული დაავადების არსებობა ან ნაყოფის ანომალიები”, – ამბობს მურადიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორსულობის შეწყვეტის დროს სამედიცინო პერსონალი ვალდებული იქნება ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია წარდგინოს. კანონით გათვალისწინებულია, რომ ექიმები, რომლებიც ამ პირობებს არღვევენ, დაჯარიმდებიან 40-დან  ($85)   100 ათას დრამამდე ($210).

“არსებობს საფუძველი იმისა, რომ კანონპროექტის წყალობით დადებით ცვლილებებს ველოდოთ, თუმცა არსებობს საფრთხეებიც. მსგავსი კანონი აკრძალვითა და შეზღუდვებით რისკებს მოიცავს. შესაძლოა, ამან მიგვიყვანოს იქამდეც, რომ ბევრი აბორტის არაუსაფრთხო მეთოდსაც მიმართავს, რაც დედის სიკვდილობას გამოიწვევს”, – ამბობს ასატრიანი.

საქართველოშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აბორტი ორსულობის 12 კვირამდე არის დაშვებული. გარდა ამისა, საქართველოში აკრძალულია სქესის შესახებ ინფორმაციის გაცემა მშობლებისთვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, თუ ექიმი ნაყოფის სქესს მაინც ეუბნება მშობელს, არ ისჯება.

აზერბაიჯანში უკვე თითქმის ათი წელია განიხილება საკითხი, აუკრძალონ თუ არა ექიმებს ბავშვის სქესის შესახებ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. 2009 წელს აზერბაიჯანის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ექიმებს ამ შეზღუდვას უწესებდა. “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის” შესახებ ახალი კანონი შემუშავებული იყო ბიჭის ყოლის, ტრადიციულად, უპირატესობის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ კანონს მიიღებდნენ, ექიმებს ორსულობის მესამე ტრიმესტრამდე აეკრძალებოდათ ბავშვის სქესის თქმა. კანონპროექტი ძალაში 2010 წელს უნდა შესულიყო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ ეს სელექციურ აბორტებს შეამცირებდა და ქვეყანაში დემოგრაფიულ სიტუაციას გამოასწორებდა. თუმცა ამ დრომდე ყველაფერი უცვლელია. მილი მეჯლისს 2016 წლის საზაფხულო სესიის დროს უნდა განეხილა აღნიშნული საკითხი, თუმცა არ განუხილავს.

უშველის თუ არა აკრძალვა?

სომხეთში სპეციალისტების აზრი სელექციური აბორტების კანონმდებლობით აკრძალვის შესახებ ცალსახა არ არის. არსებობს შიში, რომ ქალები ორსულობის შეწყვეტის არაუსაფრთხო მეთოდებს აირჩევენ. ამის შესახებ განმარტავს ადამიანური განვითარების საერთაშორისო ცენტრის კვლევებისა და განვითრების განყოფილების უფროსი ვაგან ასატრიანი. მისი თქმით, ეთიკის თვალსაზრისით სომხეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფისთვის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ეკატერინე სხილაძე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს, ამბობს: როდესაც ამას სისტემური ხასიათი აქვს, როგორც ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხდება, საბოლოო ჯამში, ეს ხდება გენდერული უთანასწორობის, ძალადობისა და ა.შ. მიზეზი.

“ამ საკითხში სახელმწიფოს როლი იმაში მდგომარეობს, რომ კიდევ უფრო მეტად იმუშაოს სტერეოტიპების მსხვერვის მიმართულებით, აამაღლოს ცნობიერება ამ საკითხში, ხელმწისაწვდომი და უკეთესი გახადოს რეპროდუქციული სერვისები. შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ყველაფერი ეს უფრო მეტად რიგ არასამთავრობოებს აწვება”.

ლელა ბაქრაძე კი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია მუშობა საზოგადოებასთან, გენდერული მგრძნობელობის გაზრდა, საზოგადოებაში გენდერული ტრანსფორმაცია რომ მოხდეს და გოგონები ისეთივე მნიშვნელოვანი და ძვირფასი გახდნენ, როგორც ბიჭები.

მისივე განმარტებით, 2010 წლიდან გარკვეული დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ახალდაბადებულთა შორის სქესის თანაფარდობის კუთხით. როგორც ბაქრაძე ამბობს, გაეროს მოსახლეობის ფონდი მსოფლიო ბანკთან ერთად მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანიას გეგმავს, როგორც მედიის საშუალებით, ასევე სამედიცინო პერსონალის ადგილზე ტრენინგებით, ახალგაზრდა მშობლებთან საუბრებით.  

“მნიშვნელოვანია დე ფაქტო გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და მოწესრიგების ხელშეწყობა. ეს გამოიხატება ყველა სფეროში ქალებისა და კაცების თანაბარ უფლებებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მემკვიდრეობის უფლება, რაც პრაქტიკაში ბიჭი შვილების სასრგებლოდ ირღვევა. ადრე, ასე ვთქვათ, ბიჭებზე ამყარებდნენ იმედს, რამდენდაც მიიჩნეოდა, რომ ისინი ოჯახის მომავალი და ხანდაზმული მშობლების მარჩენალები იყვნენ. მაგრამ ახლა სხვა დროა, ქალები მეტად დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილი გახდნენ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქალები ისევე უჭერენ მხარს და არჩენენ მშობლებს, როგორც კაცები”, – ამბობს ბაქრაძე.

ექიმი გინეკოლოგი ი.მ. ასევე გვიზიარებს, რომ ადრევე თქვეს სელექციურ აბორტებზე უარი:

“მე ამას არ ვაკეთებ, და არა რელიგიური მოტივებით. მიზეზი სხვა რამეა. სელექციური აბორტები კეთდება ორსულობის დიდ ვადებზე, 12 კვირის შემდეგ, რადგან იქამდე ბავშვის სქესის დადგენა ვერ ხდება. ისიც, ყველა ექიმს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვრა სქესის”.

ექიმის თქმით, სანამ საქართველოში არ იქნება ორსულის დაცვის შესახებ კანონი, სიტუაცია არ გამოსწორდება.

ექიმი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ასეთი კანონი არსებობდა:

“მე, როგორც ქალი, დედა და ექიმი, ვისურვებდი, რომ საქართველოში “ორსულთა და მეძუძური დედის დაცვის შესახებ” კანონი მიეღოთ. ასეთ დროს არ შეიძლებოდა ორსულის სამსახურიდან დათხოვნა, გაძლევდნენ ერთწლიან ანაზღაურებად შვებულებას შვილის მოსავლელად და კიდევ ორი წელი უხელფასოს სამუშაო ადგილის შენახვის ვალდებულებით. იქამდე, სანამ მოსახლეობის კეთილდღეობის დონე არ გაიზრდება, სელექციური აბორტები ისევ იქნება”, – ამბობს ექიმი-გინეკოლოგი.

მატანატ აზიზოვა მიიჩნევს, რომ აკრძალვებს შეუძლია უფრო მწვავე პრობლემის პროვოცირებაც მოახდინოს.

“აკრძალვამ, შესაძლოა, კორუფციამდე მიგვიყვანოს. რომელიღაც ქვეყნებში, შესაძლოა, ამას ეფექტი და შედეგი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთან არსებული კორუფციის მაღალი დონის, მექრთამეობის გათვალისწინებით, აკრძალვა პრობლემას ვერ გადაწყვეტს”.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრობლემა სხვა საშუალებებით უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, გაეროს დეკლარაციაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ არის პუნქტი – თუ ქვეყანაში არსებობს ტრადიცია, რომელსაც პრობლემებთან მივყავართ, სახელმწიფო ვალდებულია ამ ტრადიციების წინააღმდეგ იბრძოლოს.

“თუ ქვეყანაში გენდერული დისკრიმინაციაა – ბრძოლაა საჭირო თუ ძალადობა – ბრძოლაა საჭირო. ბრძოლა არა აკრძალვების, არამედ განათლების, უფლებების შესახებ კანონების საშუალებით, კარგი სამედიცინო მომსახურებებით, ქალებისთვის პირობების შექმნით, ეკონომიკური აღმავლობის გზით და ა.შ.”, – ამბობს აზიზოვა.

რა მოხდება რეგიონში 10, 20 წლის შემდეგ, თუ სქესის სელექცია კიდევ არაერთი წელი გაგრძლდება? რა სოციალურ პრობლემებს გამოიწვევს ეს მოვლენა?

გარიკ აირაპეტიანი მიიჩნევს, რომ სქესთა შორის მკვეთრმა დისბალანსმა, შესაძლოა, ქვეყანაში კრიმინალი გაზარდოს: “თუკი ჩვენ ისევ ისე ვიფიქრებთ მომავლში და არ ამოვძირკვავთ მსგავს მიდგომას, გენდერული თანასწორობის სფეროში ცვლილებებს ვერ შევიტანთ, სიტუაცია დარჩება უცვლელი და ჩვენი ქვეყანა ათწლეულების შემდეგ სერიოზული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება”.

მატანატ აზიზოვას და ლელა ბაქრაძის აზრით, სელექციური აბორტები დემოგრაფიასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს.

გვიშველის არა კანონი, არამედ მშობელი

ანამ მაინც ვერ მიიღო აბორტის გადაწყვეტილება. მან შვილის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის გოგონა იყო.

“ბოლო მომენტში შევჩერდი. გავიაზრე, რომ ბავშვი ჩემთან ერთად იბრძვის გადასარჩენად. თავიდანვე არ გვაჩვენებდა სქესს. ეს პატარა ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა”, – ამბობს ანა.

მისი ქმარი, ორი გოგოს მამა, უკვე დათანხმდა ცოლის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ქმარი ძალიან გახარებული იყო მისი ამ ნაბიჯით: “ის ერთადერთი იყო ოჯახში, რომელიც ამბობდა, რომ მისთვის სულერთია, ბიჭია თუ გოგო, მთავარია, ჯანმრთელი ბავშვი ჰყავდეთ”.

ანა ბედნიერია, რომ მესამე გოგოს ზრდის. დარწმუნებულია, რომ მშობელს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. “შეიძლება ექიმს ქრთამი მისცე, კანონს გვერდი აუარო, ათასი საშუალების პოვნაა შესაძლებელი, როდესაც შვილის მოშორება გინდა. მაგრამ თუ არ გინდა, მკაცრი კანონი საჭირო არ არის”, – ამბობს ანა.


 

სტატია მომზადებულია პროექტის “სამხრეთ კავკასიის ტაბუირებული თემების” პროექტის ფარგლებში. ავტორები: გიუნელ მევლუდი [აზერბაიჯანი] ედიტა ბადასიანი [საქართველო] გაიანე მკრტიჩიანი [სომხეთი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი