ახალი ამბები

პარტიისგან სარგებლის მოთხოვნისთვის ამომრჩევლის სანქციები შემსუბუქდება

12 აპრილი, 2012 •
პარტიისგან სარგებლის მოთხოვნისთვის ამომრჩევლის სანქციები შემსუბუქდება

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თობაზე” კიდევ ერთხელ დააზუსტეს ის ცვლილებები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და საერთო განხილვების შემდეგ კანონში შევა.

აღსანიშნავია, რომ ახალი რედაქციით ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება, თუმცა ვერ მოხერხდა შეთანხმება, რომ დახმარების მიღებისათვის ამომრჩეველს საერთოდ არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. 100 ლარამდე დახმარების მიღებისათვის ამომრჩეველს აღარ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, “რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების,  ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება,  დაპირება,  გადაცემა ან გაწევა 100 ლარზე მეტი ოდენობით, ანდა ამ მუხლით დადგენილი აკრძალვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების დადება – ისჯება ჯარიმით. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით – ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით”.

დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ დაზუსტდება კამპანია “ეს შენ გეხება”-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებული წინადადება, კერძოდ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, რედაქცია დაზუსტდა იმასთან დაკავშირებით, რაც მოსყიდვებს უკავშირდებოდა და შესაბამისი ფორმულირება უკვე წარმოდგენილია.

“მინდა დავაფიქსირო განხილვების დროს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული ერთი წინადადება. კერძოდ, უნდა დავიწროვდეს 1641 მუხლის მოქმედების სფერო და დასჯადი ქმედება იყოს ნაცვლად კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით დადებული მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგება, არამედ შემოთავაზებაა, რომ ეს შეზღუდვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი აკრძალვისთვის თავის არიდების შემთხვევებზე”, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები – მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები, სხვა მსგავსი ნივთები და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სხვა გამონაკლისები; პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებისთვის, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განაწილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი