უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისთვის სასამართლო უნარ–ჩვევების ახალი წიგნი დაიწერა.
წიგნის პრეზენტაცია დღეს შედგა. სახელმძღვანელო ამერიკის იურისტთა ასოციაციის და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს დახმარებით გამოიცა.
“სასამართლო უნარ–ჩვევების” პროექტში, რომელსაც ამერიკის იურისტთა ასოციაცია სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად ახორციელებს, 14 უმაღლესი სასწავლებელი და 36 პროფესორ–მასწავლებელია ჩართული. სახელმძღვანელო სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოვიდა.
როგორც ამერიკის იურისტთა ასოციაციის უფროსი იურისტი მედეა მათიაშვილი აცხადებს, წიგნის გამოშვების იდეა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების შემდეგ გაჩნდა:
“კოდექსის მიღების შემდეგ დღის წესრიგში დადგა იდეა, რომ შექმნილიყო სპეციალური კურსი და სპეციალური სახელმძღვანელო სასამართლო უნარ–ჩვევებში. კურსი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გამოიმუშავონ, დახვეწონ და უკეთ ისწავლონ სასამართლო უნარ–ჩვევები. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მათ საშუალება მიეცემათ, ისწავლონ, თუ როგორ წარსდგნენ სასამართლოს წინაშე”.
სხვა უნივერსიტეტებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში ერთ–ერთი პირველი ჩაერთო. თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის თქმით, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ არსებობდა გარკვეული საფრთხეები, რომ ამას სწავლების პროცესში გართულება მოჰყვებოდა:
“ჩვენთვის ძალიან რთული იყო, გადაგვეცა სტუდენტებისთვის ღირებული ცოდნა მაშინ, როდესაც ამ მხრივ არ არსებობდა არც ერთი სახელმძღვანელო. ამ ხარვეზის გამოსწორების პირველი ეტაპი უკვე გავლილია. წიგნს შეისწავლიან ბაკალავრიატის სტუდენტები, რადგან ბაკალავრიატის დამთავრება სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ კურსდამთავრებული გახდეს ადვოკატი, ადვოკატს კი ეს უნარ–ჩვევები აუცილებლად ესაჭიროება”, – განაცხადა ირაკლი ბურდულმა.
სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხებზე, მოწმეების დაკითხვის სპეციფიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნი სავალდებულო საგნის ფარგლებში შეისწავლება. გარდა თბილისის უმაღლესი სასწავლებლებისა, ახალ სახელმძღვანელოს ექვსი რეგიონული უმაღლესი სასწავლებელიც გამოიყენებს.