კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მის გამო კონსტიტუციაში აბსოლუტურად ალოგიკური კანონები შემოიღეს, ის აპირებს, გუნდთან ერთად დაემორჩილოს კანონებს.
“მათ (ხელისუფლებამ) კონსტიტუციაში უამრავი ცვლილება შეიტანეს. ბევრი კანონი შეცვალეს იმის შემდგომ, რაც მე პოლიტიკაში მოვედი და მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას, ვრჩები კანონიერ სივრცეში და ასე ვაპირებ მომავალშიც გავაგრძელო. აბსოლუტურად ალოგიკური კანონები შემოიღეს. თუმცა, მეც და ჩემი გუნდიც ბოლომდე ვემორჩილებით კანონებს და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ამ შემთხვევაშიც ასეთი პოზიცია გვექნება”, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს გაერო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩთან ფრენკ ვიზნერისთან შეხვდრის შემდეგ.
ივანიშვილის შეფასებით, სააკაშვილი ისევ აგრძელებს, მოირგოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე.
“იმის ნაცვლად, რომ მას კანონი დაეცვა თავის დროზე, აბსოლუტურად უკანონოდ ჩამომართვა მოქალაქეობა. ჩვენ მეორედ მივეცით მას საშუალება, რომ შეენაჩუნებინა სახე და აღედგინა ჩემი მოქალაქეობა კანონიერად. მან ეს ვერ მოახერხა და ნახა საკმაოდ იოლი გზა, რასაც ის ახერხებს რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ გადააკეთოს კონსტიტუცია, რაც ყველაზე იოლი საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იმდენად უხეშია და გაუგებარი ეს ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ისინი აპირებენ, ალბათ, თვითონვე მიხვდებიან მოგვიანებით და შეჩერდებიან”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
“ქართული ოცნების” ლიდერმა ასევე ისაურა გაერო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩ ფრენკ ვიზნერთან შეხვედრის დეტალებზეც, რომელიც დღეს, 11 აპრილს ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრში შედგა.
“გაოცებული ვარ მისი ცოდნით საქართველოს შესახებ. საქართველოს კონსტიტუციაც კი მან გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და კარგად აცნობიერებს იმ ცვლილებებს, რაც ბოლო დროს განხორციელდა. მან საკმაოდ რთული კითხვები დამისვა და ვიმსჯელეთ იმაზეც, როგორი კრიზისი გველოდება 2012 და 2013 წელს შორის, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი თეორიული გამარჯვების შემთხვევაშიც კი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ფრენკ ვიზნერმა კი აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიული მომავლით.
“მე დაინტერესებული ვარ საქართველოს მომავლით, საქართველოს დემოკრატიის მომავლით. ბოლო 20 წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი თქვენს ისტორიას. მე მჯერა იმ კურსის, რომელიც აირჩიეთ ძლიერი დემოკრატიისთვის, ისეთი დემოკრატიისთვის, რომელიც იქნება რეგიონში მშვიდობის გამავრცელებელი. ეს ჰარმონიაშია ევროატლანტიკური საზოგადოების და ჩემი ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებთან”, – აღნიშნა ვიზნერმა.
მისი თქმით, საქართველომ დაიწყო დემოკრატიის პროცესი. ახლა ყველას სურს ნახოს რეალური, ღრმა დემოკრატია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ქართველი, ხელისუფლება და ოპოზიცია.
“საქართველოს ამის გაკეთების გამოცდილება აქვს. საქართველოს მთელ მსოფლიოში ჰყავს მეგობრები და პარტნიორები. ახლო აღმოსავლეთი კი ძალიან განსხვავებული გარემოა. ამდენად, მეუხერხულება რაიმე პარალელების გავლება. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს გამოცდილებას, ისტორიას, მომავალს და ისე შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ამ ქვეყანაზე ზრუნავს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიზნერმა.
შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, ფრენკ ვიზნერი აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზნერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.







