ოთო კახიძე პროკურატურას მოუწოდებს, თედო კობახიძის სავარაუდო კორუფციული საქმიანობა შეისწავლოს

დღეს, 22 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პროკურატურას მოუწოდა, პარლამენტის ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის სავარაუდო კორუფციული საქმიანობა შეისწავლოს.

კახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნათესავებისა და მეგობრების დასაქმების და შემდგომ მათი ხელფასების წილში ჩაჯდომის პრაქტიკა დაამკვიდრა:

„ძალიან შემაშფოთებელია, რომ ოთხი წლის განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას ეზრუნა ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე, ეზრუნა სიღარიბის დაძლევაზე, მათი ერთადერთი საზრუნავი დღემდე რჩება ის, რომ როგორმე მოასწრონ და მოიხვეჭონ ბიუჯეტის რესურსები. ამისათვის მათ დაამკვიდრეს აქამდე გაუგონარი პრაქტიკა. ახლობლების, ნათესავების და მეგობრების დასაქმება სამსახურში და შემდგომ მათი ხელფასების წილებში ჩაჯდომა“ – განუცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს.

კახიძის თქმით, მსგავსმა პრაქტიკამ ტენდენციური ხასიათი მიიღო.

„აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ ცალკე შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ძმა და საკრებულოში მაღალი თანამდებობის პირი იყენებს საკუთრ ზეგავლენას იმისთვის, რიმ სხვადასხვა პირებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება და ამაში იღებს ანაზღაურებას. ეს ინფორმაცია საჭიროებს დაუყოვნებლივ გადამოწმებას პროკურატურის მხრიდან“ – განაცხადა კახიძემ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ზეგავლენას ექვემდებარებოდეს და პოლიტიკოსებთან გარიგებაში იყოს, თუმცა საკითხის შესწავლისკენ მაინც მოუწოდებს:

“როდესაც კანონი ირღვევა, უნდა მოვუწოდოთ იმ უწყებას რეაგირებისთვის, ვინც ამ კანონის დაცვაზეა პასუხისმგებელი. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვის ვისი იმედი აქვს, აქ არის საუბარი სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე” – თქვა ოთარ კახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.