21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხობის #64 ოლქის მაჟორიტარად გოდერძი ბუკიას ნაცვლად ირაკლი ბერაია წარადგინა. გოდერძი ბუკიამ თავისი კანდიდატურა 20 აგვისტოს მოხსნა.
“ძალიან მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურება” – ასე შეაფასა კვირიკაშვილმა გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გოდერძი ბუკიას ძალიან საინტერესო გეგმები აქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტის მიმართულებით, რომელთაგან რამდენიმე საპარტნიორო ფონდში განიხილება.
“ამას რომ არ მოჰყვეს საუბარი, თითქოს უმრავლესობის დეპუტატი საპარტნიორო ფონდის რესურსებს იყენებს, გოდერძი ბუკიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობისგან. ბატონი გოდერძი რჩება „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად და ჩვენი გუნდის წევრად. რა თქმა უნდა, ის საინტერესო პროექტები, რომლებიც მას გააჩნია, მათ შორის ხობის რაიონშიც, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, იგი ბანკ “ქართუში” მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ბერაია, რომელმაც ბანკ „ქართუში“ მუშაობა რიგით თანამშრომლად დაიწყო, დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორია. პრემიერის შეფასებით, იგი ბანკში ძალიან გამოკვეთილი ლიდერია.
„დარწმუნებული ვარ, ის თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის პოზიციიდანაც, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, იგი არც ერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა







