ახალი ამბები

”რუსთავი 2-ის” თანამშრომლები სამუშაოდ ბერასთან გადავიდნენ

6 აპრილი, 2012 •
”რუსთავი 2-ის” თანამშრომლები სამუშაოდ ბერასთან გადავიდნენ

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ”რუსთავი 2-ის” გადაცემა ”კომედი შოუს” მსახიობთა ნაწილი ბერა ივანიშვილის Georgian Dream Studio-ს შეუერთდა. ამის დასადასტურებლად ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე ბერასა და მსახიობების ერთობლივი ფოტოც გამოქვეყნდა. ”რუსთავი 2” დატოვეს: ამიკო ჩოხარაძემ, თემო მჟავიამ და ლევან გოგორელიანმა.

ამიკო ჩოხარაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში ”კომედი შოუს” დატოვებაზე კომენტარს არ გააკეთებს. ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ”კომედი შოუს” ყოფილი მსახიობები ამბობენ, რომ ისინი გააკეთებენ თავიანთ გადაცემებს და რომელი ტელეკომპანიაც მეტს გადაიხდის, პროექტსაც მას მიჰყიდიან. ”რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზად მსახიობები ”განვითარებისა” და ”უკეთესი საქმის” კეთების სურვილს ასახელებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს, რომელმაც განგვიცხადა, რომ არხზე მხოლოდ გასართობი შინაარსის გადაცემის გაკეთება არ იგეგმება.

”პირდაპირ გასართობი შოუები არ იქნება. ჩვენ ვგეგმავთ გავაკეთოთ პოლიტიკური სატირა, რომელიც ჯონ სტიუარტის გადაცემა Daily Show-ს მსგავსი იქნება, რაც Comedy Central-ზე გადის. რა თქმა უნდა, აქ იქნება იუმორის ელემენტები, მაგრამ ძირითად გაკეთდება პოლიტიკური სატირა,”- განუცხადა კახა ბექაურმა ”ნეტგაზეთს”.

კახა ბექაურის თქმით, ის ჯერჯერობით ვერ იტყვის, ადამიანთა რომელი ჯგუფი იმუშავებს ”მეცხრე არხის” იუმორისტულ გადაცემაზე. კითხვაზე, ”მეცხრე არხში” დასაქმდებიან თუ არა ”კომედი შოუს” ყოფილი მსახიობები, კახა ბექაური პასუხობს, რომ ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისივე თქმით, მეცხრე არხი საცდელი მაუწყებლობით ეთერში აპრილის თვეში აუცილებლად გავა, თუმცა ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.

მსახიობების სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით ”ნეტგაზეთი” შეეცადა ”რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის კომენტარის მოპოვებას, მაგრამ უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი