ახალი ამბები

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქებას

20 აგვისტო, 2016 • 2081
როგორ აპირებს განათლების სამინისტრო მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქებას

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდება, სკოლის მოსწავლეების ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება. ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით მიიღეს:

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთი, ეს არის ძალიან ბევრი და დიდი წიგნი, საკმაოდ მძიმე წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. მოგეხსენებათ, რომ ახალი სახელმძღვანელოების და სამუშაო რვეულების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა”,- განაცხადა ჯეჯელავამ ვიდეომიმართვისას, რომელსაც “ფეისბუქ” მომხმარებლების შეკითხვების საპასუხოდ ავრცელებს.

წიგნების წონის შემცირების გარდა, მოსწავლეების ჩანთების სიმძიმის შემცირების კიდევ ერთ გზად ჯეჯელავა ელექტრონული წიგნების დანერგვას მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ მშობლები თავად გადაწყვეტენ, ელექტრონული სახელმძღვანელოები ექნებათ მათ შვილს თუ ქაღალდის:

“ვმუშაობთ “მაიკროსოფთთან” და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წიგნების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თავად გადაწყვეტს, ელექტრონული წიგნით უნდა, რომ მისმა შვილმა ისარგებლოს, თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში აუცილებლად ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს. ელექტრონული წიგნიც, რომელიც ჩატვირთვადი იქნება ლეპტოპში, კომპიუტერში, ტაბში და ნებისმიერ სხვა მოწყობილობაში და ასევე ქაღალდის წიგნი”.- ამბობს ჯეჯელევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი