ახალი ამბები

სამინისტრომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაახანგრძლივა

19 აგვისტო, 2016 • 3005
სამინისტრომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაახანგრძლივა

გარემოს დაცვის სამინისტრომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის პერიოდი რამდენიმე მუნიციპალუტეტში გაახანგრძლივა და სანადრო სახეობების ჩამონათვალი გაზარდა, რასაც გარემოს დამცველები აკრიტიკებენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის  ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა. დანარჩენ ტერიტორიებზე ნადირობის სეზონი 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

“ამ რაიონებში ვადის გახაგრძლივება გამოიწია მონადირეთა სურვილმა, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ ეს პრობლემა მეცნიერებთან ერთად და შესწავლის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადა ამ რაიონებში გაგრძელებულიყო”, – განაცხადა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წევრი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის ნორმატიული აქტები ორჰუსის კონვენციის მერვე მუხლის მიხედვით, აღმასრულებელი გადაწყვეტილებებია და ისინი შეიძლება მიიღონ მხოლოდ საჯარო განხილვების საფუძველზე, საჯარო განხილვის იმ პროცედურების გათვალისინებით, რომელიც განსაზღვრულია ორჰუსის კონვენციის შესაბამისი დანართით.

მაჭარაშვილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სადაც უგულებელყოფილია ორჰუსის კონვენციის ეს მოთხოვნა.

“ვის უჯერებს, ვისგან იღებს რჩევას, არ არის ჩემთვის ცნობილი”, – ამბობს მაჭარაშვილი.

სამინისტროს ცნობით, ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტია 5 ცალი;

ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტია 5 ცალი; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ღალღა საერთაშორისოდ დაცული სახეობაა, რომელიც დაცულია ბონის კონვენციის და აფრიკა-ევრაზიის გადამფრენი ფრინველების შეთანხმების შესაბამისად.

“ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს გადაწვეტილების მიღება ამ სახეობაზე ნადირობის დაწყების შესახებ. უნდა იყოს დასაბუთებული. სისტემა, რომელიც ჩვენთან არსებობს, არის ძალიან ცუდი და არ ემყარება არაფერს – არ მიმდინარობს მონიტორინგი სახეობების, თუ რამდენად სწორად დადგინდა სანადირო ლიმიტები.”

მაჭარავილი შეეხო ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომლის დახვეწაზეც  გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს. მაჭარაშვილის თქმით, ეს პროცესიც გაუმჭვირვალეა. იგი ამბობს, რომ როდესაც ნადირობა, მათ შორის მართვა, არ არის რეგულირებული, მან შეუძლია შეუქმნას საფრთხე.კონკრეტულ სახეობებს.

გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის თქმით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის არეალი, რომელიც შემოსაზღვრულია, საფრთხეს არ უქმნის იმ გადამფრენ ფრინველებს.

გარემოს დამცველების კრიტიკას, იმის ნაცვლდ, რომ სამინისტრომ იმუშაოს გადამფრენი ფრინველების დაცვაზე სანადირო სეზონის დაწყებს ანონსებს, მინისტრი არ ღებულობს.

“ჩვენი ყოველი ნაბიჯი არათუ ჩამორჩება, წინ უსწრებს კიდეც, გარკვეულწილად, აღებულ ვალდებულებებს. ჰაბიტატებთან დაკაშირებით, მათ შორის შემიძლია გითხრათ, ჩემ მიერ ნახსენებ ტერიტორიაზე კრძალავს ნადირობას, მაგალითად, დაცულ ტერიტორიებზე”, – ამბობს აგულაშვილი.

გადამფრენი ფრინველების დაცვაზე საქართველომ საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებს უნდა დაუახლოოს. ეს ვალდებულება საქართველოს 2016 წლის ზაფხულამდე უნდა შეესრულებინა, თუმცა ვერ მოესწრო. 

ნონა ხელაია, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალლფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე სამინისტრო ახლა მუშაობს.

ხელაიას თქმით, სამუშაო ვერსიას ჯერ სამინისტროში განიხილავენ და შემდეგ გახდება საჯარო განხილვის საგანი. იგი იმედოვნებს, რომ 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლანეტი კანონპროექტს განიხილავს.

ბიომრავალფერონების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეონა ქარჩავა განმარტავს, რომ ბიომრავალფეროვების შესახებ კანონის პროექტი და მასთან ერთად ნადირობის შესახებ კანონპროექტი უნდა არეგულირებდეს ფრინველების დაცვას.

თეონა ქარჩავა ამბობს, რომ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პირველი ვარიანტი 2015 წელს გამოქვეყნდა და განხილვებიც მიმდინარეობდა, თუმცა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კანონი ძალიან შეიცვალა და სამინისტრომ იმავე სამუშაოს წარმოება ახლიდან დაიწყო.

მისი თქმით, ბიომრავაალფეროვნების შესახებ კნონმპროექტში ასახულია გადამფრენი ფრინველების კონსერვაცია, ფრინველთა სპეციალური ტერიტორიის შერჩევა, დაარსება და მენეჯმენტი, ფრინველებისა და ჰაბიტატების სახეობების კონსერვაცია, წითელი ნუსხისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფები, გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები.

ფრინველთა დირექტივის ქვეშ საქართველოს ევალება ნადირობის წესების შესაბამისობაში მოყვანა,  ეს უკვე ასახული იქნება ნადირობის შესახებ კანონპროექტში, ამბობს თეონა ქარჩავა.

მისი თქმით, ნადირობის წესების დიდი ნაწილი უკვე ასახულია არსებულ კანონმდებლობაში.  

სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ნადირობისას აკრძალულია მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებითყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

აკრძალულია ნადირობა და ცხოველთა მოპოვება თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე, ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით.

ასევე, აკრძალულია სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის, რომლის ოდენობა 10 ლარია, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი