ახალი ამბები

ხელისუფლების უარი ივანიშვილს სააკაშვილისგან აცილებით

4 აპრილი, 2012 •
ხელისუფლების უარი ივანიშვილს სააკაშვილისგან აცილებით

იურისტების ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიეღო, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილს არ ეხება.

”ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი არაფერ შუაშია და უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მანანა მანჯგალაძის მსგავსად, საქართველოს იუსტიცის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა იოსავა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღო და მას გადაწყვეყტილების მიღება არ ევალდებოდა. იოსავა ამბობს, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებაზე სამოქალაქო რეესტრის დასკვნა საბოლოოა. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე უარი საბოლოოდ ეთქვა და მხოლოდ ორმაგ მოქალაქეობაზე შეუძლია პრეზიდენტისთვის მიმართვა.

ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადება რეესტრში 5 იანვარს წარადგინა. 4 აპრილს გამოქვეყნდა 

სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე. რეესტრის განმარტებით, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა არ შეიძლება მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქემ. ბიძინა ივანიშვილი კი საფრანგეთის მოქალაქეა.

ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრი ალექსანდრე ბარამიძე აბსურდულად მიიჩნევს სამოქალაქო რეესტრის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, რადგან ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, მას არ შეუძლია ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

”ნებისიერი ქვეყნის მოქალაქეს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. არსებობს გარკვეული პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, თუ ნატურლიზაციის გზით საქართველოს მოქალაქედ გახდომა სურს,” – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე. მისივე თქმით, ამ პირობების შესაბამისად, პირი ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, მან გარკვეულ დონეზე უნდა იცოდეს ქართული ენა, საქართველოს ისტორია, უნდა ჰქონდეს გარკვეული ქონება საქართველოში, ან უნდა ეწეოდეს გარკვეულ სამეწარმეო საქმიანობას. ივანიშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერი ამ პირობებს აკმაყოფილებს.

ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და ამის საილუსტრაციოდ ადვოკატი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებას იშველიებს, რომლითაც დამტკიცებულია დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე. ამ ბრძანებულების მე-11 მუხლში აღნიშნულია, რომ “სააგენტო ვალდებულია, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში განმცხადებელს განუმარტოს კანონის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ და მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით საქრთველოს კანონმდებლობა ხარვეზიანია და ამ სიტუაციის გაანალიზებისთვის გასაგებ რეგულაციებს ბოლომდე არ იძლევა .

”კანონიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნატურალიზაცია ლოგიკურად ვერ იქნება ის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ, რომ ეს გამოდის უკვე ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც სხვანაირად რეგულირდება. მაგრამ ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ რეესტრის უარი არის ძალიან ფორმალური. პრეზიდენტის ბრძანებულების დანართში მითითებულია, რომ პირმა, რომელსაც უნდა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება, მიუთითოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის დატოვებას აპირებს,” – უთხრა თამარ ჩუგოშვილმა ”ნეტგაზეთს”.

საია-ს თავმჯდომარის მოსაზრებით, კანონში არის განმარტებისა და ინტერპრეტაციების შესაძლებლობის საკითხი.

”მე ვფიქრობ, რომ არსებობდა ივანიშვილის ცხადად გამოხატული ნება, რომ დარჩენილიყო პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქედ და მას საფრანგეთისგან მოთხოვილიც ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტა,” – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ალექსანდრე ბარამიძის მსგავსად, თამარ ჩუგოშვილიც აცხადბს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მიიღოს თუ არა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით, საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული და მას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის გადაწყვეტილებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცებულია დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე, “საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი კანონმდებლობის შესაბამისად.”

კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოქალაქეობაზე უარის თქმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს არ შეცვლის.

”ბიძინა ივანიშვილი დარჩება კოალიციის ლიდერად, კოალიციას ერქმევა “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”, იგი [ივანიშვილი] ასევე იქნება პრემიერ -მინისტრობის კანდიდატი,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

თუმცა ბიძინა ივანიშვილს არსებულ რეალობაში პრემიერ-მინისტრობის შანსი არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

კონსტიტუციის 29-ე მუხლში კი წერია: ”საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა”.

”არ ვიცი, რა ჰქონდა მხედველობაში ქალაბტონ მაიას [ფანჯიკიძეს], მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია მოვა ხელისუფლებაში, მას შეუძლია ის უკანონო ჩანაწერები, რომელიც მოქმედ კანონშია გაკეთებული, შეცვალოს,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ.

4 აპრილის განცხადებაში იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი წერს: ”საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.”

ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიმართავს, რადგან ის იყო ორმაგი მოქალაქე და მას ეს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს 2011 წლის ოქტომბერში. ივანიშვილის ადვოკატი იმ შეზღუდვებზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ შეუძლია მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

”სხვა მხრივ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ყველა უფლება გააჩნია, მათ შორის პარლამენტში კენჭისყრის უფლება, მაგრამ ამაზე ახლა ტყუილუბრალოდ ვსაუბრობთ. ის[ბიძინა ივანიშვილი] არ აპირებს განცხადებით მიმართოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭებისთვის. მან უკვე მიმართა განცხადებით ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე და სრულიად დაუსაბუთებელი უარი მიიღო, რაც, ცხადია, გასაჩივრდება სასამართლოში,” -ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: ”აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!”

5 აპრილს, 11 საათზე, თბილისში, ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც ბიძინა ივანიშვილი პირველ განცხადებას გააკეთებს მოქალაქეობაზე ხელისუფლების უარის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი