ახალი ამბები

საიამ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა

4 აპრილი, 2012 •
საიამ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დღეს, 4 აპრილს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” წარადგინა კვლევის – “წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის” პრეზენტაცია.

კვლევა 2012 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 30 მარტს დასრულდა. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია აკვირდებოდა საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში.

საია–ს განცხადებით, კვლევის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე, კერძოდ:

  • 2011 წლის ბოლოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ქმნის უთანასწორო საარჩევნო გარემოს და ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განხორციელებას ქვეყანაში;
  • საარჩევნო წელს მასშტაბურ და ერთჯერად საბიუჯეტო პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც აფერმკრთალებს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის;
  • სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების და ზეწოლის ფაქტებზე;
  • კონტროლის პალატის და შემდგომ შსს–ს მიერ განხორციელებულ უკანასკნელ ქმედებებზე.

საია–ს თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც პრობლემად დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა, საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, იმ თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, სახელმწიფო და მუნიციპალური რესურსების – შენობების გამოყენების წესი; სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ღონისძიებების დროს კამპანიის აკრძალვა.

საია-ს ანგარიშში საბიუჯეტო რესურსების შესახებ ნათქვამია, რომ სარეზერვო ფონდების მიზანი უკიდურესად გაფართოვდა. ეს ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა, აბსოლუტურად უკონტროლო გახდეს ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილებების სრულყოფილად ასახვა წლიურ საბიუჯეტო კანონში და ამ ფონდებიდან, ძირითადად, ამომრჩეველზე ორიენტირებული ღონისძიებები დაფინანსდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის ლელა ტალიურის განცხდადებით, საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების ზრდა რამდენიმე მიმართულებით მოხდა, კერძოდ: სოციალური დაცვის (მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფის), ინფრასტრუქტურის, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდების განხრით, ანუ წინასაარჩევნოდ მოხდა მსგავსი სოციალური პროექტების განხორცილება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათებისა და ფულადი სახსრების გადაცემას გულისხმობს. კერძოდ, სასოფლო–სამეურნეო ვაუჩერის გაცემის პროგრამა, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე; ელექტროენერგიის ვაუჩერის გაცემის პროგრამა.

საია–ს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის “სხვა ხარჯის” კატეგორიით გათვალისწინებული თანხა, რომელმაც წელს შეადგინა 1, 007, 783.9 ათასი ლარი, განსხვავებით 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხისა, რომელიც მხოლოდ 763,348.5 ათასს ლარს შეადგენდა.

ხოლო თბილისის ბიუჯეტის მაგალითზე, გაზრდილია მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გამოყოფილი თანხები. 2012 წელს, აღნიშნული მიზნით, 33 990,0 ლარია გამოყოფილი, რაც 20 414 ლარით აღემატება 2011 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გამოყოფილ სახსრებს და 6 842,8 ლარით მეტია 2010 წელთან შედარებით.

საიას მონიტორინგის ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება აქვს დათმობილი კონტროლის პალატის ახალი უფლებამოსილების ფარგლებში ბოლოდროინდელ მოქმედებებს.

2012 წლის მარტში პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ ერთ–ერთი ყველაზე მასობრივი ღონისძიება განახორციელა.

საიას ინფორმაციით, დაბარებული  იყო  370 მოქალაქე, აქედან ახსნა-განმარტება ჩამოერთვა 295 მოქალაქეს, ყველა პირი იდენტური უწყებით იყო დაბარებული.

აღნიშნულის პარალელურად, კონტროლის პალატის ინიციატივით დაწყებულ იქნა გამოძიება ადმინისტრაციულ  წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტზე და პირები, რომლებიც არ გამოცხადდნენ კონტროლის პალატის უწყებების საფუძველზე და არ მისცეს ახსნა-განმარტება წარმოებასთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ შსს-ს რაიონულ სამმართველოებში. საიას ინფორმაციით, მოწმის სტატუსით პოლიციის ადგილობრივ სამმართველოებში სულ 21 მოქალაქე დაკითხეს.

დაბარებულ პირთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი პიროვნება გურიაში (73 ადამიანი) დაიბარეს, ყველაზე ცოტა (20 ადამიანი) კი– სამეგრელოში, რაც შეეხება დაბარებულებს შორის, ყველაზე ბევრი (40 ადამიანი)– “ქართული ოცნებიდან”, 27 ადამიანი – “რესპუბლიკური პარტიიდან”, 17 ადამიანი – “თავისუფალი დემოკრატებიდან”, თითო–თითო ადამიანი “კონსერვატიული პარტიის” და “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები იყვნენ.  

სამთვიანი კვლევა ასევე ეხება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების და ზეწოლის ფაქტებს.

ამ მხრივ ანგარიშში მოხვდნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები (საჩხერეში – 6,  საგარეჯოში – 1, შიდა ქართლში – 7, ბოლნისში – 1). 

პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების თითქმის ყველა შემთხვევაში გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, შრომითი ხელშეკრულების მოშლა. თუმცა, როგორც გათავისუფლებული პედაგოგები აცხადებენ, გათავისუფლების რეალური მიზეზი მათი და მათი ახლობლების პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის მინიჭების მიზნით ხელმოწერების შეგროვება გახდა.

ანგარიშში ცალკე არის გამოყოფილი “ქართული პარტიის” გენერალური მდივნის ირაკლი დოლაბერიძის საქმე. დოლაბერიძემ აღნიშნა, რომ თბილისის აეროპორტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ და მიზეზსაც არ ეუბნებიან: 2012 წლის 11 მარტს ირაკლი დოლაბერიძე სტამბულის გავლით პარიზში მიემგზავრებოდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას პასპორტი უკან დაუბრუნეს და უთხრეს, რომ მისი სახელი და გვარი იმ პირთა ბაზაშია შეტანილი, ვისაც ქვეყნის დატოვება ეკრძალება. დოლაბერიძის განცხადებით, მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი 2012 წლის 6 იანვარსაც. მესაზღვრეებმა მაშინაც ანალოგიური მიზეზი დაასახელეს. როგორც დოლაბერიძემ საიას განუცხადა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უცნობი პირები დაბურულშუშებიანი ავტომანქანებით მის სახლს 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

დოლაბერიძე ასევე არის საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარატეში, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ამ შეზღუდვების გამო ის ვეღარ ახერხებს საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებას.

მიმდინარე წლის იანვარში მან მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და შეატყობინა მისი უფლებების დარღვევის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე სახალხო დამცველმაც მიმართა, თუმცა არც აღნიშნულს მოჰყოლია რაიმე სახის რეაგირება. საია აპირებს, განახორციელოს ირაკლი დოლაბერიძის საადვოკატო წარმომადგენლობა.

საია წინასაარჩევნო მონიტორინგს ბრიტანეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის” ფარგლებში აწარმოებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი