ახალი ამბები

სანდრა რულოვსი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია ზუგდიდში

19 აგვისტო, 2016 • 1548
სანდრა რულოვსი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია ზუგდიდში

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია ზუგდიდში. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა კორცხელში შეკრებილ მხარდამჭერებს თავად განუცხადა.

“მეოთხე წელია რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, რა ხდება საქართველოში. ვსწავლობ, ქველმოქმედებას ვეწევი, მაგრამ ძირითადად არის ლოდინის რეჟიმი- ყველასთვის, არა მარტო ჩემთვის. ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია და ხედავს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ასევე ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, სადაც ხედვა არ არის და არ ჩანს, საით მიემართება ეს ქვეყანა და ასევე ლოდინი რუსეთისთვის, როდის ჩაბარდება ეს ქვეყანა. ახლა დაკავებულები არიან უკრაინაში, მერე ისევ ჩვენთან მოვლენ. თქვენ იცით, ეს ოთხი წელი შეიძლებოდა მუშობა ახალი მთავრობისათვის. მიშა არ იყო ქვეყანაში – ვინ უშლიდა ხელს?! თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისებურად გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. უარესია, სტაგნაციაა, გაჭირვებაა ქვეყანაში და მტკივა გული. არა მარტო მე, ყველას სტკივა გული.

ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, რა გავაკეთო. არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში, არ მინდა ველოდო, მინდა რაღაცა გავაკეთო. ბევრმა მითხრა – არ გინდა ეს პოლიტიკა, ეს არის ტალახის სროლა, ეს არის დისკრედიტაცია, სკანდალები. ეს არის უბედურება და სიბინძურე. ვიცი, მეც ადამიანი ვარ და, რა თქმა უნდა, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად მაწუხებს, რომ ქვეყანა ისევ გაქრება რუკიდან, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ საქართველოს წინსვლა გვინდა. მოკლედ, ბევრმა ასე თქვა – თქვენ გაქვთ ეს ძალა, თქვენ გაქვთ სუფთა სინდისი, სუფთა გული, რომ შეხვიდეთ ამ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა ეს ბოლო თვეები, ძალიან გამიჭირდა, ძალიან რთული გადაყწვეტილება იყო”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა, რომელმაც ასევე კითხვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, სჯეროდათ თუ არა მისი, ხოლო შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება, კენჭი ეყარა ზუგდიდში, მეგრულ ენაზე გამოაცხადა.

სანდრე რულოვსმა კორცხელის ინცინდენტზეც ისაუბრა,  როცა 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს, საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ენმ-ის განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები.

“კორცხელში ვართ, დიდი ძალადობა შეგვხვდა კორცხელში. ჩვენ დავამარცხებთ, ჩვენ გავიმარჯვეთ აქ. სიმშვიდით და სიწყნარით, არანაირი დაპირისპირება არ გვინდა. არც ბოღმა და შურისძიება. ჩვენ გვინდა ეს გადავლახოთ და ნამდვილად, ძალიან ხშირად მიშას ვესუბრე და ნამდვილად უნდა ვიცოდე-მეთქი, რომ რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება. დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, ნამდვილად რომ არ ვიცოდე, რომ ჩვენ ძალადობას არ გავიმეორებთ”,- განაცხადა რულოვსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი