ახალი ამბები

სანდრა რულოვსი: ზუგდიდს ღირსეული მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება

18 აგვისტო, 2016 • 1509
სანდრა რულოვსი: ზუგდიდს ღირსეული მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება

სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის კითხვაზე, იქნება თუ არა იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, უპასუხა: “ჯერ არ არის კანდიდატი დასახელებული, მაგრამ ღირსეული კანდიდატი იქნება ნამდვილად და მალე გადაწყვეტენ”.

სანდრა რულოვსი დღეს ენმ-ის წინასაარჩევნო შეხვედრებთან დაკავშირებით იმყოფებოდა განმუხურსა და ანაკლიაში – პარტიის წევრები ამომრჩევლებს სანდრა რულოვსთან ერთად შეხვდნენ და  ადგილობრივებს თავიანთი პოლიტიკური გეგმები გააცნეს. 17 აგვისტოს კი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ბათუმის ბულვარში გამოჩნდა ენმ-ის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად. 

“რამდენიმე წლის წინ ყველას ჰქონდა იმედი, რომ აქ იქნებოდა ასეთი განვითარებული პორტი თავისი ქალაქით, განვითარებით. სამწუხაროდ, ეს იმედები გაუცრუვდათ. მაგრამ ეს არის დროებით, ჩვენ რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ”, – უთხრა რუსთავი2-ს სანდრა რულოვსმა დღეს, 18 აგვისტოს, ანაკლიაში ყოფნისას.

როგორც ტელეკომპანია რუსთავი2 იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. 

“ნეტგაზეთი” 17 აგვისტოს დაუკავშირდა ენმ-ის პრესსამსახურს სანდრო რულოვსის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატობის შესახებ  ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა მათ გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ვერაფერს გვეტყვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი