ახალი ამბები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ახლად შექმნილ საარჩევნო ბლოკს მხარს დაუჭერს

18 აგვისტო, 2016 • 2457
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ახლად შექმნილ საარჩევნო ბლოკს მხარს დაუჭერს

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მხარს დაუჭრენ პარტიების – “სახელმწიფო ხალხისთვის”,  “გირჩის”,  “ახალი საქართველოსა” და “ახალი მემარჯვენეების” მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო ბლოკს.

“მქონდა შეხვედრები, გარკვეული კულუარული კონსულტაციები ჩვენ შორის იყო. აქ საუბარი არის ორსაფეხურიან ერთობაზე, ერთი არის ბლოკური, მეორე არის პოლიტიკური კოალიცია. მაგრამ მთავარი მაინც ერთია – პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი. ახლა არანაირი ვაჭრობის დრო არ არის, ვინ, ვის, რა, როგორ. მთავარი არის, რომ მოვახერხოთ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის და ავტორიტეტის გარშემო ყველამ გაერთიანება, რომ დასავლური კურსი იყოს არა უალტერნატივო, ორ პოლიტიკურ ძალას შორის, არამედ გვქონდეს გარკვეული გარღვევა და ქართულ საზოგადოებას მივცეთ არჩევანი.

გიდასტურებთ, რომ, ბუნებრივია, პარტიას თავისი ამბიციები აქვს, თავისი ინტერესები გააჩნიათ, ეს ინტერესები ჩვენთანაც იარსებებს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მხარდაჭერა ამ კოალიციას ჩვენი მხრიდან ექნება იმით, რომ ჩვენ იქ ვიქნებით,”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ რუსთავი 2-თან საუბრისას.

დღეს, 18 აგვისტოს ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია“სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”,  გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.  ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი