ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ვალერი კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

18 აგვისტო, 2016 • 2062
ნაციონალური მოძრაობა ვალერი კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

ერთანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ ვალერი კვარაცხელიას პარტია რეგისტრაციიდან მოხსნას. ამის შესახებ ბრიფინგი ენმ–ის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარტიის ოფისში დღეს, 18 აგვისტოს, გამართა.

ნადირაშვილის განცხადებებით, ცესკომ “სოციალისტებიც” ისევე უნდა მოხსნას რეგისტრაციიდან, როგორც “ცენტრისტები” მოხსნა დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო. მისი თქმით, ბედუკაძე–ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანების მსგავსად, ვალერი კვარაცხელიას პარტიასაც  ოფიციალურად არ ჰყავს თავმჯდომარე.

ირმა ნადირაშვილი ასევე მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროოს ინფორმაცია პარტიების რეესტრიდან და გახადოს ნათელი, თუ როგორ აქვს ვალერი კვარაცხელიას პარტიას რეგისტრაცია გავლილი:

“ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნა ვლადიმერ ბედუკაძის პარტია. ამის შემდეგ მოვისმინეთ შეთავაზება ვალერი კვარაცხელიას მხრიდან, რომ ბედუკაძეს თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა კვარაცხელიას პარტიის საშუალებით შეეძლება. ამ განცხადების შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაამოწმა კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაცია. მისი სახელია “ნეიტრალური საქართველო” და არჩევნებში მონაწილეობს კვარაცხელია–სოციალისტების სახელით. შესწავლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ ბატონი კვარაცხელიას პარტიას, “ნეიტრალურ საქართველოს” აქვს ზუსტად იდენტური პრობლემა, რომელიც ჰქონდა ბედუკაძეს. ანუ ისინი არასწორად არიან დარეგისტრირებული და პარტიების რეესტრში პარტიის თავმჯდომარის გრაფა არის ცარიელი. ამ პარტიას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც მოგაწოდეთ, ერთი მხრივ, მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროოს ინფორმაცია პარტიების რეესტრიდან და გახადოს ნათელი, როგორ აქვს ამ პარტიას რეგისტრაცია გავლილი. მეორე მხრივ, მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ ჟვანიას, მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ბედუკაძს პარტიის შემთხვევაში და გაუუქმოს რეგისტრაცია კვარაცხელია–სოციალისტებს.”

როგორც ნადირაშვილი აცხადებს, ასეთ ხარვეზი ერთ კვირაში უკვე მეორედ დაფიქსირდა, რის გამოც ცესკოს თავმდჯომარეს პროდასავლური პარტიებისთვის პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს:

“თამარ ჟვანია ხარვეზებით ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩემთვის გასაგებია, რომ აქ მთლად ქალბატონი ჟვანია არ არის დამნაშავე. ის ასრულებს პუტინის მთავარი მოკავშირის საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დავალებას. ჩვენ ვიცით და მოსმენელი გვაქვს ივანიშვილის განწყობა. მისი მიზანია, რომ პუტინის პარტიები გაძლიერდნენ საქართველოში. ჩვენ ვართ საჯარო განცხადებების მომსწრენი ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ პუტინის მთავარი მოკავშირე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი 8 ოქტომბერს ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და ქვეყანა დაადგეს განვითარების სწორ გზას.”

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან 16 აგვისტოს მოხსნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც პრორუსული პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული.

“თუკი საჯარო რეესტრის მიერ, დადასტურდება, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმძღვანელობაზე არის უარი, ამ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს. ამ ეტაპზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა წერილით ამ კონკრეტულ პარტიას და ასევე სხვა პარტიებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ხელმძღვანელი პირის ვინაობა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი