ახალი ამბებისამართალი

ელისო კილაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

18 აგვისტო, 2016 • 1392
ელისო კილაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

გაზეთ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში იმყოფება. გამოძიებას კილაძესთან კითხვები  აქვს 14 აგვისტოს “ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალის წამომავლობასა და გავრცელების თაობაზე, რომელზეც ე.წ. “ციხის კადრებია” ასახული.

როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი “ცოცხის ეპიზოდი”, დადგმულია და მის მიერ გავრცელებული “სრული მასალა” ამის მტკიცებულებაა.“ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებული მასალის ქრონომეტრაჟი, ჯამში, 50 წუთამდეა. ვიდეოკადრებში არაერთი პირია აღბეჭდილი და ახლო ხედით ჩანს უმეტესობის სახეები, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის მათი სახელებიც.

როგორც, ელისო კილაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული განცხადებაში ამბობს, ის მზადაა პროკურატურის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა არ აპირებს ინფორმაციის წყაროს დასახელებას.

“ნეტგაზეთმა” გავრცელებული ვიდეობის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელზე მუშაობის ფარგლებშიც 2 დღის მანძილზე ვცდილობდით როგორც მთავარი პროკურატურისგან, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიგვეღო პასუხები, დაიწყო თუ არა გამოძიება ვიდეობის გავრცელების შესახებ და აპირებდა თუ არა სუს-ი მიეღო ზომები, რათა გავრცელებული ვიდეოები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი აღარ ყოფილიყო, თუმცა აღნიშნულ შეკითხვებზე უწყებებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, 17 აგვისტოს “ნეტგაზეთს” თავად დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური, რომელმაც განმარტა, რომ გავრცელებული ვიდეომასალების დაბლოკვისთვის სუს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება, ხოლო გამოძიების დაწყება პროკურატურის პრეროგატივაა. მოგვიანებით კი, უკვე მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება ვიდეობის წარმომავლობისა და მათი გავრცელების შესახებ გამოძიების დაწყების თაობაზე.

გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ, 17 აგვისტოს გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ. საგამოძიებო განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი