ქუთაისის მერიაში უარყოფენ, რომ მათი თანამშრომლები თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და წაართვეს სააგიტაციო მასალა. ეს ინფორმაცია დღეს “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გაასაჯაროვა ტრადიციულ ბრიფინგზე.
“ქართული ოცნების” აქტივისტი ბუბა ჩივაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ინციდენტი ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარასკევს, 30 მარტს მოხდა:
„პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგება დავიწყეთ მერიის ტერიტორიიდან და თეთრ ხიდთან იძულებით დავასრულეთ. თეთრ ხიდთან უცებ მოვარდა დაახლოებით 15 კაცამდე, რომლებმაც წაართვეს ახალგაზრდებს გაზეთები, დახიეს და გადაყარეს მდინარე რიონში. მოხდა ჩვენ შორის შეტაკება და იქვე, გამვლელების ჩარევის შემდეგ, მოვიგერიეთ ეს თავდასხმა,“ – განაცხადა ბუბა ჩივაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.
„თავდასხმის დროს გოგონებსაც შეეხნენ ხელით, მათ შორის იყო ნათია დვალი. ასევე, შეტაკების დროს გაგა ამბროლაძეს თვალი სერიოზულად დაუზიანეს. რამდენიმე ადამიანი ამოვიცანით და ისინი მერიის თანამშრომლები არიან,“ – აცხადებს ბექა სილაგაძე, “ქართული ოცნების” ქუთაისელი აქტივისტი.
“ქართული ოცნების” აქტივისტების თქმით, თავდამსხმელებს შორის მათ ამოიცნეს ქუთაისის მერიის თანამშრომლები: არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი გიორგი ხარაზიშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ვასილ ხარაბაძე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ლევან სალარიძე და გიორგი მებურიშვილი.
ქუთაისის მერიაში მათი თანამშრომლების მონაწილებას ზემოთ აღნიშნულ ინციდენტში გამორიცხავენ:
„ვფიქრობ, რომ არ არის სერიოზული განცხადება. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რაღაც პოლიტიკურ ნიადაგზე, აღნიშნული ფაქტის ნამდვილობას ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქუთაისის მერიის არც ერთ თანამშრომელს არანაირ მსგავსი ტიპის შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. მერიაში მომუშავე ადამიანები არიან შერჩეულები საგანგებო ნიშნით. მათი კვალიფიკაციის, მათი მორალისა და ზნეობის გათვალისწინებითაც, რა თქმა უნდა, და მსგავსი ტიპის ფაქტი არც შინაურ საუბრებში არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა ქუთაიისის მერიის აპარატის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.
მაია ფანჯიკიძის თქმით, რეგიონებში “ქართული ოფისების” გახსნის პარალელურად, ხელისუფლების მხრიდან გახშირდა მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები, თუმცა, ამის მიუხედავად, მისივე თქმით, ოფისების გახსნის პროცესი მაინც გაგრძელდება.