“ახალი არჩევანში” საარჩევნო სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ჯერ არ შეთანხმებულან

“ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა”, “ახალმა საქართველომ” და “ახალმა მემარჯვენეებმა” საარჩევნო ბლოკი შექმნეს,  თუმცა  მაჟორიტარობის კანდიდატებსა და საარჩევნო სიის შემადგენლობაზე ჯერ არ შეთანხმებულან. ისინი იმედოვნებენ, რომ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ და  ბლოკის გაფართოებასაც  არ გამორიცხავენ.

აქამდე “გირჩს” მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად  არ წარუდგენია, თუმცა რამდენიმე მათგანის ვინაობა ცნობილი იყო. ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ახალ რეალობაში გადაწყვეტილი არაფერი არის და ეს საკითხები მოალაპარაკების საგანია:

“ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, გიორგი ვაშაძეს ჰყავს თავისი კანდიდატები, შეიძლება “ახალ მემარჯვენეებსაც” ჰყავდეთ რეგიონებში ადამიანები, რომლებიც ადგილზე მოახერხებენ ხმების მოზიდვას, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია. ამაზე შევთანხმდებით, არ მგონია, რომ ასეთი ტექნიკური საკითხები ჩვენთვის პრობლემა გახდეს. ამ გაერთიანებისას ჩვენ  ბევრი პირადი ამბიცია გადავწიეთ უკან იმიტომ, რომ ეს [ბლოკი] გაცილებით მნიშვნელოვანია. ახლავე შემიძლიათ გითხრათ, არც სიაზე და არც მაჟორიტარებზე შეიქმნება პრობლემა.”

მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი ერთად გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ცალ-ცალკე:

“ბლოკი  ქვეყანაში პროდასავლური ძალების გასაერთიანებლად შევქმენით. მოსახლეობის სწორედ ის სეგმენტია ხელებჩამოშვებული და იმედგაცრუებული, რომელმაც სწორედ პროდასავლურ ძალებს შეიძლება მისცენ, თორემ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა ისედაც აქტიურია და ჩამოყალიბებული არიან, თუ ვის აძლევენ ხმას. სადაც დაქსაქსვა არის, ის არის გასაერთიანებელი,” – ამბობს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

საარჩევნო ბლოკის პრეზენტაციაზე ბლოკის ლიდერებმა არერთხელ აღნიშნეს, რომ გაერთიანების საფუძველი საერთო ღირებულებებია. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ამომრჩევლები აქცენტს ისევ ლიდერებსა და პარტიის მატერიალურ შესაძლებლობებზე აღარ გააკეთებენ, არამედ  საარჩევნო პროგრამებზე:

“მთელი მსოფლიო აკეთებს არჩევანს საარჩევნო პროგრამის, მსოფლმხედველობის, ღირებულებების, ფასეულობების და ეკონომიკურ ხედვების საფუძველზე. ჩვენ ეს თუ არ გავაკეთეთ და დავიწყეთ იმის განსაზღვრა ვის უფრო კარგი პიროვნება ჰყავს, ვის უფრო მეტი ფული აქვს, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის, მაშინ ქართულ პოლიტიკას პროგრესი და განვითარება არ უწერია. ეს ბლოკი არის აბსოლუტურად გათვლილი და გამიზნული შეთავაზება ამომრჩევლებისადმი.  ამომრჩევლის დონე ისეთი არ არის, რომ არჩევანი ისევ პიროვნებებზე, ისევ ფულზე გააკეთოს და ყური არ დაუგდოს ვინ რას სთავაზობს.”

NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 57 %-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. სწორედ მათი მიმხრობის იმედი აქვს კაციტაძეს. “რით ვერ ჩამოყალიბდა ეს ამომრჩეველი იმ პარტიების მიმართ , რომელთაც თავისი სათქმელი თქვეს,” – კითხულობს კაციტაძე და პასუხად ამბობს, რომ ამომრჩეველმა არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ვერაფერი ნახა:

“ამ კვლევის თანახმად, ამომრჩევლისთვის ეკონომიკური საკითხი ყველაზე საინტერესოა. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ბლოკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკასთან დაკავშირებული ახლებული ხედვებია. მე ვფიქრობ, რომ ეს 57 % ელოდება სწორედ სიახლეს და ელოდება მისი მოთხოვნილებების დამკმაყოფილებელ საარჩევნო სუბიექტს იმისათვის, რომ მან ახალი და ახლებური არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ, ახლა ჯერი ამომრჩეველზეა.”

მამუკა კაციტაძის განცხადებით, მას ეკითხებიან, თუ რატომ გაერთიანდნენ “ახალი მემარჯვენეები”  “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებთან, რაზეც ასეთი პასუხი აქვს:

“როდესაც ადამიანები ღიად დისტანცირდებიან “ნაციონალური მოძრაობისგან”, არავის აქვს უფლება რომ მათ პოლიტიკური მომავალი მოუკლას. “ახალ მემარჯვენეებს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” რომ გვნდომოდა გაერთიანება, მაშინ სხვა ადამიანები იდგებოდნენ აქ. თუ ჩვენ მომავალზე, შენებაზე და თანამშრომლობაზე გვინდა აქცენტის გაკეთება, მაშინ  უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი. ”

“ახალი არჩევანის” პრეზენტაცია დღეს, 5 აგვისტოს ლისის ტბაზე გაიმართა.

მამუკა კაციტაძე, გიორგ ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.