დღეს, 2 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოში ”თავისუფალი დმეოკრატების” წევრის, გიორგი მახარაშვილის შვილის, ელგუჯა მახარაშვილისა და მისი მეგობრების წინასასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამზადებელ სხდომაზე დასწრებას გეგმავს ”თავისუფალი დმეოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია.
განსასჯელთა ადვოკატმა რეზო რევაზიშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღეს მოსამართლე განიხილავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხსა და მხარეთა სხვა შუამდგომლობებს.
დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ან ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
თავისუფალი დემოკრატების” გორის რაიონული ორგანიზაციის წევრის, გოდერძი მახარაშვილის შვილი და მისი მეგობრები 17 თებერვალს, გამთენიისას, სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა გოდერძი მახარაშვილის მიერ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში გაკეთებული განცხადება პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა განუცხადა.
”თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ მერეთში პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ხმიადაშვილმა 16 თებერვალს ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელ გოდერძი მახარაშვილს თანასოფლელების თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი თანამშრომლებთან ერთად პარტიის წევრს დაემუქრა, რომ თუ იგი ოპოზიციურ პარტიას არ დატოვებს, მის შვილებს აუცილებლად დაიჭერენ. პარტიის ინფორმაციით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება გოდერძი მახარაშვილმა 16 თებერვალს ტელეკომპანია ”თრიალეთის” ეთერით გაავრცელა, რის შემდეგაც მისი შვილი და შვილის მეგობრები დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადბა თებერვალშივე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
პოლიციის ცნობით, 2012 წლის 16 თებერვალს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა აკაკი ელიაშვილმა, ელგუჯა მახარაშვილმა და ჯაბა ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ის სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
შსს-ს ინფორმაციით, გლახაშვილის ცემის ფაქტს შეესწრო მერაბ გუგუტიშვილი, რომელიც შეეცადა გაეშველებინა მოჩხუბრები, ამ დროს აკაკი ელიაშვილმა, ჯაბა ელიაშვილმა და ელგუჯა მახარაშვილმა მისი მისამართითაც გამოიჩინეს აგრესია, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წააქციეს მიწაზე და დაუწყეს წიხლებით ცემა, რა დროსაც მერაბ გუგუტიშვილმა დაკარგა გონება.
”2012 წლის 17 თებრვალს აღნიშნული დანაშუალის ჩამდენი პირები – აკაკი ელიაშვილი, ელგუჯა მახარაშვილი და ჯაბა ელიაშვილი– დაკავებულნი იქნენ ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. დაკავებულთაგან ჯაბა ელიაშვილი 2009 წელს ნასამართლევია სსკ-ის 236 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და მას შეფარდებული ჰქონდა 3 წლით პირობითი მსჯავრი,” – ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.