ახალი ამბებისაზოგადოება

ნაგავი – საჩუქარი თბილისის მერს “თავისუფალი დემოკრატებისგან”

17 აგვისტო, 2016 • 1279
ნაგავი – საჩუქარი თბილისის მერს “თავისუფალი დემოკრატებისგან”

“ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების” გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა ამირან გიგუშვილმა და პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის მერს საჩუქრად გლდანის პატარა ტბიდან მოგროვებული ნაგავი მიუტანეს.

აქცია, სახელწოდებით “საჩუქარი თბილისის მერს” დღეს, 17 აგვისტოს თბილისის მერიის წინ გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მერს საჩუქრად ის ნარჩენები მიუტანეს, რომლებიც გლდანის პატარა ტბის ტერიტორიაზე მათ მიერ დასუფთავების სამუშოების ჩატარების შემდგომ მოგროვდა.

“წლების განმავლობაში გლდანში, მერვე მიკრორაიონში, პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორია არის ნაგავსაყრელის ბუდე. მოსახლეობა ამაოდ ცდილობს არაერთი განცხადებით მიმართოს კეთილმოწყობის სამსახურს, მერიის სამსახურს. რეალურად არავინ არის ამ პრობლემის მომგვარებელი. დღეს “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდების ორგანიზაციას ჰქონდა დასუფთავების აქცია და მათი იდეა იყო, რომ პერფორმანსის სახით მუყაოს ყუთში მოთავსებული პლასტიკატის ბოთლები საჩუქრის სახით გამოეგზავნა თბილისის მერიისათვის, რომ იქნებ ამის შემდგომ მაინც მიექცეს ამ ტერიტორიას ყურადღება”- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

13937872_1771684299757090_5166754625805456549_o

აქცია “საჩუქარი თბილისის მერს” 17.08.2016 ფოტო ათინა ბრეგვაძე

აქციის დროს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და ამირან გიგუაშვილს მცდელობა ჰქონდათ “საჩუქარი” თბილისის მერიის შენობაში დაეტოვებინათ, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

“როგორც დაინახეთ, თბილისის მერიამ უარი განაცხადა ამ საჩუქრის მიღბაზე, თუმცა, არაუშავს. ერთია, როდესაც მერია და კეთილმოწყობის სამსახური არ მიდის პრობლემასთან და ამ შემთხვევაში ნაგავსაყრელთან, ასეც შეილება მოხდეს, რომ ნაგავმა მოაკითხოს მათ”- განაცხადა გიგუაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აქცია-პერფორმანსის დასრულების შემდეგ, როდესაც ორგანიზატორებმა მერიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, “თბილსერვისის” დირექტორი, ლევან ჩარგავა მერიიდან გამოვიდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორია სრულადაა დასუფთავებული:

“მინდა გითხრათ, რომ არსებული ტერიტორია დასუფთავებულია. ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია, არ შეესაბამება სიმართლეს და სინამდვილეს”.

ლევან ჩარგავამ მოსახლეობას მოუწოდა, ტბის ტერიტორიის დაბინძურებისაგან თავი შეიკავონ, რადგან სამშენებლო მასალებთან ერთად, იქ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დატოვებული ნარჩენებიც ხვდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი