ახალი ამბებისამართალი

“ცენტრისტების” მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმე სააპელაციო სასამართლომ დღეს უნდა განიხილოს

17 აგვისტო, 2016 • 1838
“ცენტრისტების” მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმე სააპელაციო სასამართლომ  დღეს უნდა განიხილოს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” სარჩელზე, რომელიც  პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის უკავშირდება, დღეს, 17 აგვისტოსაა დანიშნული. თუმცა, განიხილავს თუ არა სასამართლო სარჩელს, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიშა ბენიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტია ცესკომ რეგისტრაციიდან უკვე მოხსნა, რაც მათი მთავარი მოთხოვნა იყო, სასამართლოს შეუძლია სარჩელის განხილვაზე უარი თქვას. ISFED აპირებს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართოს, რათა სარჩელი ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის კუთხით განიხილონ. ბერიძის თქმით, ქართულ პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, რაც პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

“სამართლიანი არჩევნები” თავის სარჩელში აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ლიდერმა, თემურ ხაჩიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ვისაც სურს 400-ლარიანი ე.წ. რუსული პენსიის მიღება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პარტია “ცენტრისტების” ოფისში ქალაქ რუსთავში. ხაჩიშვილის თქმით, პარტიის ოფისში ამომრჩევლის რეგისტრაციის მიზანია აღრიცხონ ის პირები, ვინც მომავალში რუსულ პენსიას მიიღებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აინტერესებს, თუ საქართველოს რამდენ მოქალაქეს სურს მათი პენსიის მიღება.

“სამართლიანი არჩევნების” აზრით, აღნიშნული ქმედება არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას.

ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში” ამბობენ, რომ ის დაპირება 400-ლარიანი რუსული პენსიის თაობაზე, რომელიც ამომრჩეველს პარტიის ლიდერებმა მისცეს, საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მიშა ბენიძის თქმით, რომელიც “სმართლიან არჩევნებს” ხელმძღვანელობს, ქვეყნის საპენსიო ფონდი არ შეიძლება უცხო სახელმწიფოდან ფინანსდებოდეს. ამასთანავე, საპენსიო პოლიტიკა ყველა მოქალაქისთვს თანასწორი უნდა იყოს, არ შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი მხოლოდ მათთვის, ვინც რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დადებს ხელშეკრულებას.

არასამთვრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი სარჩელი ამომრჩევლის მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი