ახალი ამბები

რევაზ ნადარეიშვილი რიო 2016–ზე ბულგარელ მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდა

16 აგვისტო, 2016 • 4996
რევაზ ნადარეიშვილი რიო 2016–ზე ბულგარელ მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში რევაზ ნადარეიშვილი ბულგარელ მსოფლიო ჩემპიონთან, ელის გურისთან დამარცხდა.

ქართველი მოჭიდავე 98 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ნადარეიშვილი პირველ წრეში ისვენებდა და ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთო. ნადარეიშვილი იმ შემთხვევაში გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, თუ ბულგარელი სპორტსმენი ოლიმპიადის ფინალში გავა.

რევაზ ნადარეიშვილის გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ–რომაული სტილით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, შმაგი ბოლქვაძე (66 კგ.) გამოდის. ბოლქვაძემ პირველ შეხვედრაში ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკი დაამარცხა და მეოთხედფინალში განაგრძობს ბრძოლას.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი