ახალი ამბები

ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

16 აგვისტო, 2016 • 1573
ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერს, ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსეს. როგორც ბედუკაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მას დაცვა გუშინ, 15 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოეხსნა.

ბედუკაძის თქმით, პროკურატურისგან დოკუმენტი მიიღო, რომელშიც მხოლოდ დაცვის მოხსნის გადაწყვეტილების შესახებ წერია, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზები ახსნილი არაა, თავად ბედუკაძე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიიღო:

“განმარტება არანაირი არ ყოფილა. დასრულდა პროგრამა, მათ მიაჩნიათ, რომ ის საფრთხე ამოიწურა, რის გამოც დაცვის პროგრამა დანიშნული იყო. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ მთავარმა პროკურორმა მიიღო. ეს ასეა, ესაა მასიური თავდასხმა ჩვენს პარტიაზე, დაცვის მოხსნა ამის შემადგენელი ნაწილია ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის”,- განუცხადა ბედუკაძემ “ნეტგაზეთს”.

შეკითხვაზე, იყო თუ არა წინასწარგანსაზღვრული ის ვადა, რა დროის მანძილზეც მას სახელმწიფო დაცვის პროგრამით უნდა ესარგებლა, ვლადიმერ ბედუკაძემ არ გვიპასუხა და მთავარ პროკურატურასთან გადაგვამისამართა.

ლადო ბედუკაძე ამჟამად პრორუსული პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერია. მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეობი გაავრცელა და თავადაც მონაწლეობდა გადაღებაში. დღეს, 16 აგვისტოს“ცენტრისტები” ცესკომ  რეგისტრაციიდან მოხსნა. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ  გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც “ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული.

რუსული პენსიის გარდა, “ცენტრისტები ამომრჩევლებს აფხაზეთსა და ოსეთში 2017 წლის ბოლომდე დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, ასევე, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებსაც. “ხელშეკრულება” პარტიას თავის ვებგვერდზეც აქვს გამოქვეყნებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი