ახალი ამბები

კომისია: მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური რეკლამის კანონთან შესაბამისობა

15 აგვისტო, 2016 • 1312
კომისია: მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური რეკლამის კანონთან შესაბამისობა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამის გაშვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური რეკლამის კანონთან შესაბამისობა.

აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, 15 აგვისტოს გამართული სხდომის შემდეგ გაავრცელა.

კომისიის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში.

მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს  გაცხადებულ პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის საფუძველს –  „წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“, აღნიშნული საკითხის შესწავლა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასება და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, აცხადებს კომისია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამა, რომითაც ისინი მოსახლეობას 400 ლარის დანამატს რუსული პენსიის სახით და საქართველოში რუსული ჯარების განთავსებას ჰირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი