ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოდიან

15 აგვისტო, 2016 • 1313
თავისუფალი დემოკრატები ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოდიან

დღეს, 15 აგვისტოს, “თავისუფალი დემოკრატების” ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა, ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ პარტიის ოფისში ნარკოპოლიტიკაზე და ამ მიმართულებით მათ ხედვაზე ისაუბრა.

კოკა ფრუიძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატები” თვლიან, რომ სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 22 წლის ახლგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქვეყნის სამართალდამცველებს, ასევე სახელმწიფოს. მისი თქმით, ბოლო ათწლეულებია ქვეყანაში არასწორი ნარკოპოლოტიკა ხორციელდება.

“თავისუფალი დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს.

როგორც ირაკლი ალასანიას გუნდში მიიჩნევენ, ამისთვის საჭიროა ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონმდებლობის რეფორმა. მისი თქმით, ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს – მოხდეს დეკრიმინალიზაცია.

davdemebi

კოკა ფრუიძის თქმით, ამასთან, ნარკოტიკების გამსაღებლებისა და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რა ტიპის ნარკოტიკების გასაღება იგულისხმება ამაში, ალასანიას გუნდის წევრი გვპასუხიბს, რომ ყველა:

“მავალითად, მსუბუქი ნარკოტიკების, მარიხუანის რეალიზებისთვის 3 წელი იყოს სასჯელი, ხოლო მძიმე ნარკოტიკების გაყიდვაზე- გაცილებით მეტი.”

ფრუიძე ასევე მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზა. მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისათვის შეძენა/შენახვისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები სხვადასხვა უნდა იყოს:

“მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა.”

ამის გარდა, როგორც კოკა ფრუიძე ამბობს, სწორი ნარკოპოლიტიკის შესაქმნელად საჭიროა ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა:

“მკურნალობა, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა; პროგრამების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით; სარეაბილიტაციო (ამბულატორიული, რეზიდენტური და ასევე კომუნის ტიის) ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა; სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილებები თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით.”

თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამის ავტორი აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე, მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე და რისკებზე პარალელურად საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი