ახალი ამბები

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლისგან

12 აგვისტო, 2016 • 1132
საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლისგან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 11 და 12  აგვისტოს ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს და მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა.

საიას რჩევაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) ერთმანეთის ხელშეშლისაგან და ნებისმიერი ტიპის ძალადობრივი ქმედებისაგან და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

ორგანიზაიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გამოიძიონ ზემოაღნიშნული ფაქტები და ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ შემთხვევებს, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საია მოუწოდებს, რომ შეისწავლოს საჯარო მოსამსახურეების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისას კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების ფაქტები და უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

საია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ ეჭვის არსებობის საფუძველზე, ადგილი აქვს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თვალთვალსა და მიყურადებას, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უნდა უზუნრველყოს მსგავსი ფაქტების პრევენცია და უსაფრთხოების სამსახურის სრული დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან.

11 აგვისტოს, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ოფისის ფანჯრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის – ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

12 აგვისტოს დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს მესამე სართულის კარები გატეხილი დახვდათ, ხოლო მეორე სართულის კარს – ნაფეხურები ეტყობოდა. ორივე შემთხვევაში გამოძიება სსკ-ს 187–ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

11 აგვისტოს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გიუაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესიკ ფოფხაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ხელი შეუშალა მას წინასაარჩევნო აგიტაციაში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საიას მონიტორთან საუბრისას გიუაშვილმა განაცხადა, რომ მძღოლთან ერთად სააგიტაციო მასალით (დროშებით) გადაადგილდებოდა ბორჯომში და ამომრჩევლებს მოუწოდებდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერისაკენ. ასევე, მოუწოდებდა საზოგადოებას, მხარი არ დაეჭირათ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატისათვის. ამ დროს შენიშნა, რომ მის ავტომანქანას უკან 3 ავტომანქანა აედევნა, რომლებიც წინ გადაუდგნენ და მის მძღოლს ავტომობილი გააჩერებინეს. აღნიშნული პირები ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მივიდნენ გიორგი გიუაშვილთან და მას და მის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბესიკ ფოფხაძე მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი