“ფორბს ჯორჯიას” მთავარი რედაქტორი, რეზო საყევარიშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზებს ასახელებს.
“საქართველოში ფორბისის გამოცემის უფლების მქონე კომპანიის პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანთან არაერთხელ გამოიკვეთა კონფლიქტი, რომელიც განპირობებული იყო მისი მუდმივი მცდელობით, დაერღვია როგორც ფორბსის, ასევე დამოუკიდებელი მედიის მუშაობის უმთავრესი პრინციპები.
კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა “ფორბსმა” მარტის ნომერში მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა.
როგორც მთავარმა რედაქტორმა, მივიჩნიე, რომ “ფორბსის” მილიარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურა, ნებისმიერ შეთხვევაში, უნდა მოხვედრილიყო “ფორბს ჯორჯიას” ყურადღების ფოკუსში.
როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, მივეღე გადაწყვეტილება, ქართულ რედაქციასაც მოგვემზადებინა სტატია ივანიშვილის შესახებ. სწორედ ამ ვითარებაში ბატონმა ეღიაზარიანმა კატეგორიული წინააღმდეგობა გამიწია, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღებაში, მოგვიანებით კი ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენის ჩარევაში გამოიხატა.
ცენზურის მცდელობა ძირითადად განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობითა და მეგობრობით საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან გელა ბეჟუაშვილთან და ასევე, მისი სურვილით, რომ არ გამოქვეყნდეს ის პუბლიკაციები, რამაც შეიძლება ხელისუფლების გაღიაზიანება გამოიწვიოს,”-განაცხადა საყევარიშვილმა.
ეს განცხადება საყევარიშვილმა 27 მარტს, საგანგებო პრესკონფერენციის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა.




