ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ”რეზერვი შეიარაღებული არ იქნება”

26 მარტი, 2012 •
თავდაცვის სამინისტრო: ”რეზერვი შეიარაღებული არ იქნება”

კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეზერვის სისტემის კონცეფცია არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად მოიფიქრა. თავდაცვის სამინისტრო კი ნებაყოფლობით რეზერვისტთა შეიარაღებას საერთოდ უარყოფს.

”რეზერვისტები ფორმითა და იარაღით საწვრთნელი ტერიტორიისა და სამხედრო ბაზის გარეთ არ გადაადგილდებიან, ეს გამორიცხულია და თუ ვინმე ამას ამბობს, აბსოლუტური ტყუილია,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება სამეგრელოში შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის და ამის დასადასტურებლად საქართველოს უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა სპეციალური სია.

თავის მხრივ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებულ სიაში ღირებული არაფერი იყო.

”ტყუილია, რომ რეზერვისტებს მხოლოდ სამეგრელოში წვრთნიან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მათი წვრთნები ტარდება თავდაცვის სმაინისტროს კუთვნილ ტერიტორიებზე, მათ შორის, სამხედრო ბაზებზე, პოლიგონებზე. მე არ ვიცი, რატომ გაქვთ ამოჩემებული, რომ ეს ყველაფერი ტარდება სამეგრელში, ეს უბრალოდ ვიღაცის ამოჩემებაა. რეზერვისტებს წვრთნები უტარდებათ ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში,” – ამბობს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე.

სალომე მახარაძის თქმით, უახლოეს დღეებში მზად იქნება რეზერვის სისტემის ახალი კონცეფცია, რომლის საჯარო განხილვაც დაიწყება. მისი თქმით, ამ კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ იქმნება ორი ტიპის რეზერვი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საუბარია საარმიო, ანუ აქტიურ რეზერვსა და რეზერვის მხარდამჭერ კომპონენტზე. აქტიური რეზერვი დაკომპლექტდება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან და იგი ომის დროს კონკრეტული სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობას ჩაანაცვლებს. მეორე ტიპის რეზერვი კი დაკომპლექტდება სამხედრო გამოცდილების უქონელი მოქალაქეებისაგან და მისი ფუნქციაც შერეული – სამხედრო-სამოქალაქო იქნება.

„და არის მეორე – მხარდაჭერითი კომპონენტი რეზერვის. ის შედგება იმ ხალხისაგან, რომელსაც არ მიუღია ცხოვრებაში აქტიური სამხედრო განათლება ანდა გამოცდილება, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იქნას მხარდამჭერ როლში სხვადასხვა ოპერაციის დროს. რაც შეეხება აქტიურ რეზერვს, ეს არის საარმიო რეზერვი, რომელიც ყალიბდება ყოფილი სამხედროებისაგან და მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩანაცვლებითი როლი ითამაშოს ომის შემთხვევაში,“ – განუცხადა რადიო ”თავისუფლებას” ნოდარ ხარშილაძემ.

”ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ რეზერვის სისტემის კონცეფციაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ალასანიამ ინფორმაცია ”შეიარაღებულ ფორმირებებზე” გაამჟღავნა.

”ის, რომ ჩვენი ეჭვები საფუძვლიანია, მტკიცდება იმითაც, რომ ალასანიას მიერ გადაცემულ სიაში მოხსენიებულთა შორის არიან კრიმინალური წარსულის მქონე ნასამართლევი პირები.  კერძოდ, მითითებულია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კრიმინალის გვარი. მოქმედი კანონმდებლობით კი, სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები.  ასევე, ამ შეიარაღებული ხალხის შეკრება ხდება კერძო სახლებში. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებულია იმ სოფლის მაცხოვრებლებით, სადაც აღნიშნული სახლებია და ეს ფაქტებიც არანაირად არ თავსდება სამხედრო რეზერვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს უკანონობასთან,” – განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა, – “ჩვენს ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ალასანიას პირველივე განცხადებისთანავე, რომელიც მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გააკეთა და ამით საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზოგადოება, ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, მუშავდება ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფცია, რითიც ხელისუფლება ცდილობს  დააკანონოს უკანონობა და კანონიერი საფუძველი შეიქმნას ალასანიას განცხადებების საპასუხოდ,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძე.

საქართველოს უშიშროების საბჭო რეზერვის სისტემის კონცეფციასა და დეტალურ ხედვას ამ მიმართულებით საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი