სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვარაუდობენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ იქნება. მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს.
ცესკოს წარმომადგენელი რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვისტისთან” საუბარში აცხადებს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რომელი კანდიდატი იკავებს მეორე ადგილს – დავით სანაკოევი, თუ დიმიტრი მედოევი.
სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდა. მასში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ლეონიდ თიბილოვი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), დავით სანაკოევი (პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში), დიმიტრი მედოევი (სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში) და სტანისლავ კოჩიევი (“კომუნისტური პარტიის” ლიდერი).
დღეს სამხრეთ ოსეთში განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რადგან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები უკანონოდ ცნო სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გუშინ გაუშვეს. ის ჰოსპიტალიზებული იქნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან ტრავმა მიიღო მის ოფისზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმის დროს. ჯიოევა თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა წინა დღით მის ოფისში სპეცოპერაცია განხორციელდა, რა დროსაც მან თავის არეში მიიღო ტრავმა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.