ახალი ამბები

თურქეთში 10 აგვისტოს აფეთქებებთან კავშირის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავეს

11 აგვისტო, 2016 • 1411
თურქეთში 10 აგვისტოს აფეთქებებთან კავშირის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გუშინდელი ორმაგი აფეთქების შემდეგ 11 აგვისტოს 17 ეჭვმიტანილი დააკავა. ამას გარდა, თურქეთის პოლიციამ რეიდი განახორციელა “სახალხო დემოკრატიული პარტიის” ოფისებზეც.

BBC-ის ცნობით, 10 აგვისტოს ღამით ორი თავდასხმა განხორციელდა თურქეთის პოლიციის ავტომობილებზე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კიზიტაპესთან ახლოს და ქალაქ დიარბაკირში. აფეთქებების შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა ათობით ადამიანი.

თურქეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა გუშინვე განაცხადეს, რომ აფეთქებებზე პასუხისმგებელნი არიან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლები. 11 აგვისტოს კი, როიტერსის ცნობით, თურქულმა ანტიტერორისტულმა რაზმებმა სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) ოფისებში მოაწყვეს რეიდები სტამბულის ცენტრალურ, ბეიოღლუს რაიონში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი “სახალხო დემოკრატიულ პარტიას” (HDP) “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მხარდამჭერ ძალად მიიჩნევს. HDP სიდიდით მესამე პარტიაა თურქეთის პარლამენტში. ისინი უარყოფენ პირდაპირ კავშირებს ავტონომიის მოთხოვნით მებრძოლ “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” (PKK). თვითონ PKK თურქეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

“ქურთისტანის მუშათა პარტია” 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

11 აგვისტოს “სახალხო დემოკრატიული პარტიის” სტამბულოს ოფისმა დატვიტა, რომ პოლიციამ მათი ოფისის კარები შეამტვრია და “არალეგალურად გაჩხრიკა ოფისები იმ დროს, როცა იქ არავინ იმყოფებოდა”.

10 აგვისტოს აფეთქება ქალაქ დიარბაკირში მდინარე ტიგროსის ხიდთან, უსაფრთხოების გამშვებ პუნქტთან მოხდა. ამ აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. კიზილტეპეში ბომბი დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით ააფეთქეს მარდინის საავადმყოფოსთან ახლოს (სირიის საზღვართან). ამ შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, სულ ცოტა 30 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი