დღეს, 24 მარტს, 20:00 საათიდან 24 საათით ჩაიკეტება ე.წ. საზღვარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ინფორმაციას ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
“ინტერფაქსის” წყაროს ცნობით, “საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარზე განთავსებული საზღვრის გამარტივებული კვეთის პუნქტების საშუალებით საქართველოდან მოქალაქეების შეშვება შეჩერდება და 25 მარტს, 20:00 საათიდან განახლდება”.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღესთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის ხვალინდელ არჩევნებში ლეონიდ თიბილოვი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), დავით სანაკოევი (პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში), დიმიტრი მედოევი (სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში) და სტანისლავ კოჩიევი (“კომუნისტური პარტიის” ლიდერი) იბრძოლებენ.
ხვალ სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რადგან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები უკანონოდ ცნო სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა საავადმყოფოდან დღეს გამოუშვეს. ის ჰოსპიტალიზებული იქნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან ტრავმა მიიღო მის ოფისზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმის დროს. ჯიოევა თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა წინა დღით მის ოფისში სპეცოპერაცია განხორციელდა, რა დროსაც მან თავის არეში მიიღო ტრავმა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.