ახალი ამბები

საარჩევნო რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა ბურჭულაძის პარტიამ და ქართულმა ოცნებამ დახარჯეს

10 აგვისტო, 2016 • 1570
საარჩევნო რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა ბურჭულაძის პარტიამ და ქართულმა ოცნებამ დახარჯეს

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 8 ივნისიდან 19 ივლისამდე რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა პაატა ბურჭლაძის პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის” დახარჯა, ხოლო მეორე პოზიციაზე “ქართული ოცნებაა”.

სტატისტიკის მიხედვით, პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – “სახელმწიფო ხალხისთვის” 8 ივნისიდან 19 ივლისამდე რეკლამისთვის დახარჯა 512,009 ლარი, აქედან თანხის უდიდეს ნაწილი 509, 859 ლარი- სატელევიზიო რეკლამაში. ამავე პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” პარტიის რეკლამისთვის 345,032 ლარი დახარჯა, თუმცა სატელევიზიო რაკლამისთვის მათ ხარჯები არ გაუღიათ.

აუდიტის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” პარტიის რეკლამირებაში 8 ივნისიდან 19 ივლისამდე 183,382 ლარი დახარჯა, საიდანაც 82,724 ლარი სატელევიზიო რეკლამას მოხმარდა.

სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხოლოდ 3082 ლარი დახარჯა რეკლამაში, საიდანაც მთლიანი თანხა სატელევიზიო რეკლამას მოხმარდა.

ამავე სტატისტიკით, “ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი” 8 ივნისიდან 19 ივლისამდე რეკლამისთვის 9275.89 ლარი დახარჯა, ხოლო პოლიტიკურმა გაერთიანება “მემარცხენე ალიანსმა” – 501 ლარი. “გირჩსაც” და “მემარცხენე ალიანსსაც” სატელევიზიო რეკლამისთვის ხარჯები არ გაუღიათ.

პოლიტიკურმა პარტიამ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” ამავე პერიოდში რეკლამისთვის 2,000.00 ლარი დახარჯა, თუმცა სატელევიზიო რეკლამისთვის არც მათ გაუღიათ თანხა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 8 ივნისიდან 19 ივლისამდე “საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ” რეკლამისთვის მხოლოდ 250 ლარი დახარჯა, ხოლო “ლეიბორისტულმა პარტიამ” ცოტა უფრო მეტი – 320 ლარი.

სტატისტიკის მიხედვით, პარტიის რეკლამირებისთვის 8 ივნისიდან 19 ივლისამდე თანხა არ დაუხარჯავთ “თავისუფალ დემოკრატებს”. ირაკლი ალასანიას პარტიის გარდა, ამავე პერიოდში რეკლამირებისთვის ხარჯები არ გაუღიათ: “საქართველოს კონსერვატიულ პარტიას”, “ეროვნულ ფორუმს”, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”, “ახალ მემარჯვენეებს”, “საქართველო მშვიდობისთვის” და “საქართველოს ერთიან კომუნისტურ პატიას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი