ახალი ამბები

გიორგი პაპუაშვილის პასუხი მამუკა მდინარაძეს და ხელისუფლებას

9 აგვისტო, 2016 • 2059
გიორგი პაპუაშვილის პასუხი მამუკა მდინარაძეს და ხელისუფლებას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძესა და ხელისუფების წარმომადგენლებს პასუხობს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთსულოვანი იყო მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

მამუკა მდინარაძემ 9 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაკარგა კონტროლი სასმართლოს სისტემაზე და კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც “საკონსტიტუციო გადატრიალება” ერქვა.

“გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას,  რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ „საკონსტიტუციო გადატრიალებაც“ კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და, შესაბამისად, არჩევნების ჩაშლა.

გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ცესკოს მიერ საარჩევნო ოლქების დადგენისას გამოყენებულ კრიტერიუმებს. განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ნაწილს, რომელიც  სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისად ცხად კრიტერიუმებს, რომელიც ცესკოს შესაძლებლობას მისცემს, საარჩევნო ოლქების საზღვრები კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად დაადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდებოდა, ის არ გამოიწვევდა ცესკოს მიერ საარჩევნო ოლქების თავიდან დადგენის პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ცესკოს მიერ დადგენილი ოლქები გასაჩივრებული არ ყოფილა,”- აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი