“ეს არ არის, ჩემი აზრით, ნეგატიური მაჩვენებელი, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებზე, რომელიც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას ეხება.
NDI-ის შეკითხვაზე– ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობა ძირითადად დაეყრდნობა ამომრჩეველთა სიის კარდაკარ გადამოწმების მეთოდს; იცით თუ არა ამ კომისიის შესახებ? – გამოკითხულთა 60%–მა არ იცის ამდაგვარი კომისიის არსებობის შესახებ, მხოლოდ 33 პროცენტია ინფორმირებული, ხოლო 7 პროცენტს პასუხი არ აქვს.
კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ნაბიჯი კომისიას არ გადაუდგამს პიარ ღონისძიებებისაკენ, არც სატელევიზიო კლიპისა და არც რაიმე ტიპის სარეკლამო კამპანიისთვის, გამოკითხულთა 33 პროცენტის ინფორმირებულობა კომისიის საქმიანობაზე ამ ეტაპზე დადებითი შედეგია.
“ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია შეიქმნა გასული წლის მეორე ნახევარში. ჩვენ, ფაქტობრივად, 3,5 თვეა, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება ნულიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს ის, რომ ძირითადად კომისია ორგანიზაციული საკითხებითაა დაკავებული და დაკავებულია იმ მზაობით, რომელიც სჭირდება სიების დაზუსტების ძირითად მეთოდოლოგიას, კარდაკარის აქციას”, – აღნიშნავს კაციტაძე.
NDI–ის შეკითხაზე, გამართლებულია თუ არა დანახარჯი, რომელიც ამომრჩეველთა სიის გადამოწმებისთვის დაიხარჯება (დაახლოებით 5 მილიონი ლარი) – ამ შეკითხვაზე 33 პროცენტი პასუხობს, რომ გამართლებულია, 35 პროცენტს არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ხოლო 32 პროცენტს პასუხი არ აქვს.
კაციტაძე ამ მაჩვენებელსაც დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობაა, გამოკითხულთა ერთი მესამედი თანახმაა, რომ დაიხარჯოს კომისიის საქმიანობაზე 5 მილიონი ლარი.
“ქვეყანაში, სადაც ნომერ პირველი პრობლემა არის სოციალური პრობლემა – დასაქმების პრობლემა, ამ ფონზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისათვის დასახარჯი 5 მილიონი გამოკითხულთა ერთი მესამედისთვის მიუღებელია და მეორე მესამედისთვის მისაღები. ეს მომენტიც პირადად ჩემთვის კიდევ დამატებითი გამოწვევაა. როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რით გამოკვებონ საკუთარი ოჯახი ყოველდღიურად, სად დასაქმდნენ, სად იმკურნალონ, ასეთ დროს ქვეყანაში, სადაც ათეულობით მილიონი იხარჯებოდა სამოქალაქო რეესტრისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, სიებისთვის და უცებ კიდევ გაჩნდა დამატებით 5 მილიონის საჭიროება, ამ დროს ამ უკანასკნელს გამოკითხულთა 3–დან ერთი ადამიანი ეთანხმება. ეს არ არის, ჩემი აზრით, ნეგატიური მაჩვენებელი, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კაციტაძემ.
მან კომისიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარეობს რეგისტრატორთა ტრენინგი, რომელიც დამთავრდება 6 აპრილისთვის და 20 აპრილისთვის აპირებს ძირითადი პროექტის, ანუ კარდაკარის დაწყებას და, შესაბამისად: “ჩვენ დავიწყებთ და გვექნება ძალიან სერიოზული საინფორმაციო სარეკლამო კამპანია ამ აქციის. ასევე აღსანიშნავია, რომ სულ ერთი კვირაა, რაც გვაქვს დამოუკიდებელი საიტი.”
შეგახსენებთ, დღეს, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა( NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. კვლევის ფარგლებში გამოკითხვა მოიცავს 2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა 3,161 პირი. მოხდა მათი წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.