ახალი ამბები

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ დავით ბორჩაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

9 აგვისტო, 2016 • 1250
ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ დავით ბორჩაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 9 აგვისტოს,  დავით ბორჩაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია – „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 22 ნოემბერს დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი